შალვა პაპუაშვილი - მუშაობის ვისაც ეშინია, ეს დღესაც დავინახეთ, სამუშაო ჯგუფში არ ერთვებიან
მუშაობის ვისაც ეშინია, ეს დღესაც დავინახეთ, სამუშაო ჯგუფში არ ერთვებიან. მათი ეს განცხადებები უკვე მომაბეზრებელია, მათ შორის ერთი და იმავე ტერმინის გამოყენება – ეშინიათ, არ შეუძლიათ. დაზეპირებულია სამი სიტყვა, რომელსაც კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
„გუშინ მარტივი რაც მოხდა – ოპოზიციის რადიკალურ ფრთას, „ნაციონალური მოძრაობის“ ტრიოს ის მინიმალური კომპეტენციაც არ ეყო, რომ რიგგარეშე სესიაზე პრეზიდენტისთვის სწორი მიმართვა გაეკეთებინათ. იმის მინიმალური კომპეტენციაც არ აქვთ, რომ სწორად მიმართონ პრეზიდენტს. თავად პრეზიდენტი ჩააყენეს უხერხულ მდგომარეობაში. თავისთავად, პრეზიდენტი მიმართვის შინაარსში არ ერთვება, ხელმოწერა ფორმალურია. პრეზიდენტი სესიას მოიწვევს თუ არა, მაინც შეიძლება, ის გაიმართოს. პრეზიდენტი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს, რადგან უმარტივესი ხარვეზი იყო დაფიქსირებული. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ტრიოს არაკომპეტენტურობა. სინამდვილეში, მათ მუშაობა კი არ სურთ, არამედ გარკვეული სცენების დადგმა. თუ დარბაზის შიგნით იქნება, იქ დადგამენ, თუ შიგნით ვერ შევლენ, დარბაზის გარეთ დადგამენ. კართან ფოტოებს იღებდნენ, რომ სცენები დაედგათ. ამ კამპანიის სამიზნეა უცხოელი დამკვირვებელი, ვინც ქართულ პოლიტიკას აკვირდება. სურათებსაც იმიტომ იღებენ, რომ მეილები გააგზავნონ, დატვიტონ, ვითომ ვიღაც უარს ამბობს მუშაობაზე. სინამდვილეში, სამუშაო ფორმატებში არ მონაწილეობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ალეკო ელისაშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ჰერმან საბო და ფრიდონ ინჯია.