შალვა პაპუაშვილი - მთელმა საქართველომ იცის, ზღაპარია „კარუსელებზე“ საუბარი, წინა არჩევნებზეც ცდილობდნენ ამის დამტკიცებას და ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო აბსოლუტური ფალსიფიკაცია
შალვა პაპუაშვილი - მთელმა საქართველომ იცის, ზღაპარია „კარუსელებზე“ საუბარი, წინა არჩევნებზეც ცდილობდნენ ამის დამტკიცებას და ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო აბსოლუტური ფალსიფიკაცია

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისთვის. იცით, რომ უკვე გამოცხადდა 10:00 საათისთვის მოქალაქეების აქტივობა და საკმაოდ დამაკმაყოფილებელი რიცხვები გვაქვს. ყველას მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ ჩვენს პლატფორმაზე elections2021.ge შეხვიდეთ, სადაც როგორც აქტივობასთან, ისე ინციდენტთან დაკავშირებით ნახავთ ინფორმაციას.

ზოგადი შეფასების სახით, მინდა, გითხრათ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის ერთი ტენდენცია, რაც გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით მედიის მხრიდან აჟიოტაჟის გამოწვევა უბნებთან. ვხედავთ სხვადასხვა მედიასაშუალებებს, როგორ დასდევენ სხვადასხვა მოქალაქეებს უბნებთან, უბნისგან მოცილებით. ორი საკითხია აქ მნიშვნელოვანი. პირველი, იცით რომ საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა 100-მეტრიანი შეზღუდვის რადიუსი, აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს მინდა, ვთხოვო, 100 მეტრის მიღმა არ შეაწუხონ მოქალაქეები, იქნებიან ეს პარტიული აქტივისტები, ამომრჩევლები, უბრალო მოქალაქეები. არსებობს 100 მეტრიანი რადიუსი და ყველამ როგორც მოქალაქეებმა, ისე მედიამ უნდა ვცეთ ამ რადიუსს პატივი. 100 მეტრის იქით ყველას აქვს უფლება, მათ შორის შესაძლებლობა არის, რომ მოახდინონ ამომრჩევლების მობილიზება.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, მედიის წარმომადგენლებს 100 მეტრის მიღმა ნუ შეაწუხებენ მოქალაქეებს. მეორე საკითხი, რაც შეეხება უკვე ასი მეტრის შიგნით და განსაკუთრებით უბნების მიმდებარედ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ აჟიოტაჟს, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლების მხრიდან, გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება გაგებულ იქნას როგორც აგიტაცია, გარკვეული პარტიის საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ, ამიტომაც, კიდევ ერთხელ, აქაც მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, იყვნენ მაქსიმალურად ნეიტრალური ინფორმაციის გაშუქების დროს, რათა არ იყოს ეს აღქმული, როგორც აგიტაცია რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მონაცემებს და მონაცემებს მათი პორტალიდან, ამ დროისთვის დაფიქსირდა ორი ინციდენტი, ერთი ფოთში და მეორე ზუგდიდში, ორივე ამოწურულია.

„ჩვენ ინციდენტების სახით ვაფიქსირებთ ძალადობის ან არეულობის ინციდენტებს, როდესაც მეტ-ნაკლებად ხმაური არის ხოლმე. ამჟამად არის მარნეულში ინციდენტი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი პროვოკაციულად მიეჭრა ზაურ დარგალს და იქ არის ინციდენტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც მალე ამოიწურება. რაც შეეხება სხვადასხვა დარღვევას, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 32-ე უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველს დემონსტრაციულად ტელეფონზე ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის სურათი და ედო მაშინ, როდესაც ამომრჩევლები აძლევდნენ ხმას, რაც შეიძლება ჩაითვალოს როგორც აგიტაცია.

ქობულეთში, მე-6 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ გოხიძე დგას უბანზე დისტანციის დარღვევით. ბათუმში, მე-60 საარჩევნო უბანი „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი უბანთან სიებით ამომრჩეველს აღრიცხავს. დაფიქსირებულია როგორც ეს ადამიანი, ისე მანქანა და მანქანის ნომერი. ჩოხატაურში, ხევის 34-ე საარჩევნო უბანში, 30 მეტრის რადიუსში იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯემალ ბერიძე. წეროვანში, მე-40 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის„ აქტივისტი გია ჩიტიშვილი არღვევს 100 მეტრიანი რადიუსის განაწესს. ბათუმში, 64-ე უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სიებით ამომრჩეველს აღრიცხავენ. ესეც გახლავთ დარღვევა უბანთან ახლოს. ბათუმში, მე-60 უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი სიებით ამომრჩეველს აღრიცხავს. თბილისში, ისანში, 39-ე და 45-ე უბანზე, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის დაბრენდილი მანქანებით მოძრაობენ, ჩერდებიან უბანთან, რაც ასევე შეიძლება ჩაითვალოს როგორც აგიტაცია. გარდა ამისა, ჩვენ შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში ხიდმაღალას 21-ე უბანზე ავთანდილ მანჯგალაძე აცხადებს, რომ მან გამოიტანა ორი ბიულეტენი ჩვენ ვცდილობთ, რომ დავადგინოთ შეეფერება ეს თუ არა სინამდვილეს. ამას გარდა, ქალბატონმა ანი წითლიძემ ჩაატარა ბრიფინგი, როგორც იცით, სადაც ის საუბრობდა კერძო კომპანია „ვეგასის“ წარმომადგენლებს, თითქოს და დავალებული აქვთ გარკვეული კარუსელის მომზადება და ა.შ. კატეგორიულად ვაცხადებთ, არანაირი კავშირი ამ ადამიანებს და საარჩევნო დღესთან და ჩვენთან არ აქვთ.

აქედან გამდინარე, რაიმე სახით ჩართული და მით უმეტეს, „კარუსელთან“, რომელიც მთელმა საქართველომ იცის, რომ ზღაპარია საერთოდ ამაზე საუბარი, როგორც წინა არჩევნებზე ცდილობდნენ ამის დამტკიცებას და ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო აბსოლუტური ფალსიფიკაცია ასეთი ტყუილების გავრცელება. ასე რომ, ესეც კატეგორიულად გვინდა უარყოთ. ასე რომ ეს არის ამ მომენტისთვის ჩვენ მიერ დაფიქსირებული დარღვევები და ჩვენ დროდადრო მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.