შალვა პაპუაშვილი - მთავარია პარტნიორობა იმ ხალხთან, რომელთანაც გვაქვს ინტერესების თანხვედრა, ჩვენ გვექნება ინტერესების თანხვედრის პარტნიორობა და არა რაოდენობრივი
შალვა პაპუაშვილი - მთავარია პარტნიორობა იმ ხალხთან, რომელთანაც გვაქვს ინტერესების თანხვედრა, ჩვენ გვექნება ინტერესების თანხვედრის პარტნიორობა და არა რაოდენობრივი

ტრამპის ადმინისტრაციაში გამორჩეული ის არის, რომ ღიად ამბობს, რა არის ინტერესები. არ მალავს, როგორც ამას დღეს ბრიუსელი აკეთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი მალავს თავის რეალურ მიზნებს.

„აქ ხელისუფლების შეცვლა რომ უნდა და დემოკრატიაზე გველაპარაკებიან, ჩვენ რა დემოკრატიაზე გველაპარაკება ბრიუსელი? გახედეთ, ვის ართმევენ ხელს. დასცინიან ქართველ ხალხს, თითქოს დემოკრატია მათთვის რაიმე ღირებულებაა. ღიად საუბრობს აშშ, რა არის მისი ინტერესები და სხვებისგანაც ეს მოლოდინი აქვს. ჩვენ ამ მოლოდინის გამართლება გვინდა, რომ ჩვენი ინტერესები ვუთხრათ ღიად. რთულია, ვინმეს წარმოდგენა ჰქონდეს, რომ ჩვენ, შეიძლება, რაიმე ისეთი ინტერესი გვქონდეს, რომელიც შეიძლება, კატეგორიულ წინააღმდეგობაში იყოს სხვა ქვეყნების ინტერესებთან. ჩვენი ინტერესი არის მარტივი – ჩვენი კეთილდღეობის ზრდა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, რასაც სჭირდება მშვიდობა და სტაბილური განვითარება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, – „შეიძლება თუ არა, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტებს რამე სხვა ვიზიტი მოჰყვეს?“ – შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრები აუცილებლად იქნება.

„ეს არასდროს შეწყვეტილა, ეს კონტაქტი ყოველთვის იყო. არ იყო პოლიტიკოსებს შორის კონტაქტი. საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი და შეხვედრები, ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტში უმაღლეს დონეზე შეხვედრები. ასე რომ, ჩვენ ამის იმედი გვაქვს. ქართველმა ხალხმა ბევრი რამ ისწავლა და ისწავლა მთავარი რამ: კრიტიკულ მომენტებში ჩვენ ვართ დამოკიდებული საკუთარ თავზე. არცერთ ქვეყანას არ სჭირდება მოკავშირეები სტატისტიკისთვის, რომ თქვას, ამდენმა დამირეკა და ა.შ. სტატისტიკამ დაღუპა ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, ვხედავთ, უკრაინაში რა ხდება. სიმრავლე რომ ხარისხი არ არის, ამას ვხედავთ უკრაინაში. თუ არადა, ევროკავშირის რამდენი წევრი ქვეყანა დღეგამოშვებით რომ ეფიცება ძმობას, მიაწოდონ „პეტრიოტები“, ამასაც არ აწვდიან, არ გვყოფნისო. ამიტომ, როგორც მეგობრობა არ არის რაოდენობით, ასევე არ არის საერთაშორისო პარტნიორობა რაოდენობით. მთავარია, ჩვენ გვქონდეს პარტნიორობა იმ ხალხთან, რომელთანაც ჩვენ ინტერესების თანხვედრა გვაქვს. ჩვენ გვექნება ინტერესების თანხვედრის პარტნიორობა და არა რაოდენობრივი. ასე რომ, ეროვნული ინტერესები იქნება ამოსავალი ყოველთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.