შალვა პაპუაშვილი - მთავარი პირობაა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა ომბუდსმენის ასარჩევად
შალვა პაპუაშვილი - მთავარი პირობაა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა ომბუდსმენის ასარჩევად

მთავარი პირობა არის, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი თანაბრად მისაღები უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა ომბუდსმენის ასარჩევად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, დეპუტატებმა გაიზარონ, რომ აუცილებელია თანხმობა და აქ გადამწყვეტია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ხმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.

„ვნახეთ, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან იყო მცდელობა, თავიდანვე მოეხდინათ პროცესის დისკრედიტირება. ამას ემსახურება, მათ შორის, პროცესის დასაწყისშივე საბოლოო კანდიდატების დასახელება ისე, რომ ალტერნატივაზე ფიქრსაც კი არ უშვებდნენ. ჩვენ თავიდანვე ვაჩვენეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე პროცესი, რომლის შედეგი მაშინვე არ იქნებოდა ცნობილი. ოპოზიციის ნაწილს უნდოდა, ეს თავშივე ყოფილიყო დადგენილი და უმრავლესობა იძულებული ყოფილიყო, დათანხმებოდა იმ შედეგს, რასაც ისინი თავიდანვე წარმოსახავდნენ საკუთარი კანდიდატების სახით.

ვფიქრობთ, რაც შეიძლება მალე მოხდეს შეთანხმება კანდიდატზე. მთავარი პირობაა, რომ ის უნდა იყოს თანაბრად მისაღები კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა ომბუდსმენის ასარჩევად. კანდიდატი მისაღები უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“, როგორც ამ პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტიისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს. სხვანაირად შეუძლებელია, ვისაუბროთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც არ იქნება მოწონებული საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენმა კოლეგებმა გაიაზრონ, რომ მნიშვნელოვანია თანხმობა და აქ გადამწყვეტია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ხმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.