შალვა პაპუაშვილი - მოწადინებული ვართ, რომ წლევანდელი არჩევნები იყოს კიდევ უფრო კარგი, ვიდრე გასულ წელს
შალვა პაპუაშვილი - მოწადინებული ვართ, რომ წლევანდელი არჩევნები იყოს კიდევ უფრო კარგი, ვიდრე გასულ წელს

მოწადინებული ვართ, რომ წლევანდელი არჩევნები იყოს რაც შეიძლება კიდევ უფრო კარგი, ვიდრე გასულ წელს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

გადაცემის წამყვანმა შალვა პაპუაშვილის კითხვა დაუსვა, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველი გუნდი გეგმავს თუ არა იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომელიც ბოლო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის დასკვნაში იყო მოცემული?

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, მოისმინოს და განიხილოს ნებისმიერი რეკომენდაცია.

„ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი რეკომენდაცია. მათ შორის, ჩვენ ეუთო/ოდირთანადაც გვქონდა შეხვედრა, მეც პირადად მქონდა შეხვედრა, როგორც საპარლამენტო წარმომადგენლებთან, ისე გენერალურ მდივანთან და ასე შემდეგ. ჩვენ ყველგან გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუკი რაიმე მოწოდება შეიძლება ჰქონდეთ პროცესთან დაკავშირებით, მზად ვართ, მოვისმინოთ, განვიხილოთ. ყოველგვარი გარეგან თუ ზემოდან მოწოდებების გარეშე ცვლილებები, მათ შორის, ცესკო-მაც განახორციელა, მათ შორის, სპეკულაციების გამოსარიცხად, ელექტრონულ მთვლელებთან დაკავშირებით. ჩვენ თავად მოწადინებული ვართ, რომ არჩევნები იყოს რაც შეიძლება კიდევ უფრო კარგი, ვიდრე გასულ წელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.