შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, იქნებ შევძლოთ იუსტიციის საბჭოს დარჩენილი წევრების არჩევა, შეხედოთ საკითხს იმ პერსპექტივით, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციის შესასრულებლად
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, იქნებ შევძლოთ იუსტიციის საბჭოს დარჩენილი წევრების არჩევა, შეხედოთ საკითხს იმ პერსპექტივით, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციის შესასრულებლად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ოთხ კანდიდატს, რომლებსაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, არამოსამართლე წევრების არჩევა რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისთაც არის მნიშვნელოვანი.

„კენჭსაყრელ საკითხებშია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების საკითხი. იცით, რომ ოთხი კანდიდატია დარჩენილი, რომლებზეც კენჭი არის საყრელი. მათ შორის, ორი ვაკანსიაა, რომელიც არ არის შევსებული. ეს გახლავთ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი რეკომენდაცია. თუ არ ვცდები, სულ მცირე, ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კანდიდატები დასახელდნენ და მათთან გასაუბრებები იყო. ხუთი თვის განმავლობაში ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით პირადად მე, არც საჯარო სივრცეში და არც სხვანაირად, ამ ადამიანებთან დაკავშირებით რაიმე უარყოფითი აზრი არ მომისმენია, რაც რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერას დააბრკოლებდა. ამიტომ, გთხოვთ, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, კიდევ ერთხელ შეხედოთ ამ საკითხს იმ პერსპექტივით, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციის შესასრულებლად და იქნებ შევძლოთ არამოსამართლე წევრების არჩევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.