შალვა პაპუაშვილი - მინდა, მოურიდებლად განვაცხადო, რომ ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას, არეულობას უწყობს ხელს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს
შალვა პაპუაშვილი - მინდა, მოურიდებლად განვაცხადო, რომ ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას, არეულობას უწყობს ხელს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს

მინდა, მოურიდებლად განვაცხადო, რომ ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას უწყობს ხელს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანა არჩეული გზით აგრძელებს სვლასა და ცხოვრებას, როგორც მანამდე, განვლილი 12 წლის განმავლობაში“.

„ჩვენ ვხედავთ იმ ძალებსაც, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა, სიწყნარე, სოლიდარობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მინდა, მოურიდებლად განვაცხადო, ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას უწყობს ხელს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს. აქციების დაწყებიდან საკმარისი დრო გავიდა. მოვისმინეთ პროტესტი, უკმაყოფილება, პრეტენზიები და საყვედურები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად ვცდილობთ, ვუპასუხოთ ყველაფერს.  ვცდილობთ, ავხსნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი და დემონსტრაცია დაცულია, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმა და მასობრივი ძალადობა აუცილებლად აღიკვეთება. ვცდილობთ, ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი – რუსთაველი.  აქ ისევ ისე თენდება და ღამდება. ქვეყანა, ყველაფრის მიუხედავად, აგრძელებს არჩეული გზით სვლასა და ცხოვრებას, როგორც მანამდე, განვლილი 12 წლის განმავლობაში. ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად, თანმიმდევრულად ჩვენ მივყვებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს. მივიწევთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის აუცილებელი და ფუნდამენტური ნაწილია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები. სწორედ ისეთი, როგორიც ჩატარდა 26 ოქტომბერს. ამ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ხმათა სრული უმრავლესობით, მიიღო მილიონ ასოცი ათასი ხმა, მთლიანი შედეგის 54%“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.