შალვა პაპუაშვილი - მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს გადასაწყვეტია, როდის, რა საკითხზე ჩაატარონ კონფერენცია, პარლამენტი ამ საკითხში ვერ ჩაერევა
შალვა პაპუაშვილი - მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს გადასაწყვეტია, როდის, რა საკითხზე ჩაატარონ კონფერენცია, პარლამენტი ამ საკითხში ვერ ჩაერევა

მმართველი გუნდის წევრი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს გადასაწყვეტია, როდის და რა საკითხზე ჩაატარებენ მოსამართლეთა კონფერენციას.

მისივე თქმით, საქარველოს პარლამენტი, მთავრობა ამ საკითხში ვერ ჩაერევა.

„ვხედავთ, რომ ოპონენტები იქნებიან თუ არასამთავრობო სექტორი, როდესაც ისინი თავად მოსამართლეებს მოუწოდებენ, გადადონ კონფერენცია, ამით აღიარებენ, რომ სხვა მექანიზმი არ არსებობს. საქარველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ამ საკითხში ვერ ჩაერევა, ეს არის მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო და მათი გადასაწყვეტია, როდის და რა საკითხზე ჩაატარონ კონფერენცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით პაპუაშვილმა განაცხადა, რომ  19 აპრილის შეთანხმების მიხედვით გაწერილ ვადებში რეფორმას განახორციელებენ.

„რაც შეეხება პარლამენტის და პარტიების ვალდებულებებს, არსებობს 19 აპრილის შეთანხმებაში ნაწილი, რომელიც ეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ჩვენ ამ რეფორმას იმ ფარგლებში და იმ ვადებში, რომელიც არის გაწერილი, რა თქმა უნდა განვახორციელებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე უნდა აირჩიონ. ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

განცხადებები ამასთან დაკავშირებით გააკეთეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმა. ამასთან, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საჭიროა დაპაუზება.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი კი იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებს გადაავადებს.