შალვა პაპუაშვილი - მოლოდინი გვაქვს, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება, მნიშვნელოვანია, სიტყვები საქმედ გადაიქცეს
შალვა პაპუაშვილი - მოლოდინი გვაქვს, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება, მნიშვნელოვანია, სიტყვები საქმედ გადაიქცეს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ვისაუბრეთ თოთხმეტწლიან ჩიხზე, სადაც, ერთის მხრივ, ნატო-ს წევრობის კარი ღიაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯები არ იდგმება. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით, უსაფრთხოების კუთხით თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ამ მხრივ იყოს წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო სრულად თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან და მადრიდის სამიტიდან მკაფიო გზავნილების მოლოდინი აქვს.

„საქართველო, ფაქტობრივად, უკვე სრულად თავსებადია ნატოს სტანდარტებთან. ჩვენი შეიარაღებული ძალების 80%-ზე მეტს სხვადასხვა ფორმით მიღებული აქვს მონაწილეობა ნატო-ს მისიებში თუ სხვადასხვა სახის ტრენინგებში და ამ კუთხით, თავსებადია. იცით, რომ იყო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაწილე საერთაშორისო მისიებში, მათ შორის, ავღანეთში და ამ მხრივ, საქართველო ამტკიცებს, რომ ის, ისე, რომ არ არის ნატო-ს წევრი, საკუთარი ქცევით, სწორედ პასუხისმგებლობას იღებს, იმავე პასუხისმგებლობას, როგორსაც იღებენ ნატო-ს წევრი ქვეყნები და არის, არა მხოლოდ, უსაფრთხოების სისტემის მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორი. აქედან გამომდინარე, მოლოდინები გვაქვს, რომ მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო უფრო მკაფიო გზავნილები იქნება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები გადაიქცეს საქმედ და ნატო-ს წევრობის გზაზე ჩვენ უფრო ნათელი გზამკვლევი და ნათელი გეგმა მოგვეცეს,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.