შალვა პაპუაშვილი - მოლოდინი არ გვაქვს, რომ კონსტიტუციის სადარაჯოზე დადგება ოპოზიცია, რომელიც თავად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
შალვა პაპუაშვილი - მოლოდინი არ გვაქვს, რომ კონსტიტუციის სადარაჯოზე დადგება ოპოზიცია, რომელიც თავად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

„ნაციონალური მოძრაობა“ თავად არის ამ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც  თავს აყენებს ხშირად კონსტიტუციის მიღმა, ამიტომ მათი მხრიდან კონსტიტუციის რამენაირი მხარდაჭერა ნაკლებად წარმოსადგენია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

კითხვაზე, დაიწყებს თუ არა ვაჭრობას სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიცია, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია თავად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია კონსტიტუციის სადარაჯოზე დადგება.

„მე ვერ გეტყვით, რას აპირებს ოპოზიცია. ოპოზიციისგან, რომელიც თავად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – შეგახსენებთ, რომ ეს ის ოპოზიციაა, რომელიც არჩევნებს არ აღიარებდა, არათუ კონსტიტუციას, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ – არანაირი მოლოდინი არ გვაქვს იმის, რომ ისინი კონსტიტუციის სადარაჯოზე დადგებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ თავად არის ამ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს აყენებს ხშირად კონსტიტუციის მიღმა, ამიტომ მათი მხრიდან კონსტიტუციის რამენაირი მხარდაჭერა ნაკლებად წარმოსადგენია. რაც შეეხება შესაძლო ვაჭრობას ხმებთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით. ჩვენთვის ემოციების გარეშე მთავარია ერთი რამ: ჩვენი შეხედულებით, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, არამხოლოდ დარღვევა, განზრახ უხეში დარღვევაა კონსტიტუციის. სწორედ ამიტომ იმსახურებს იმპიჩმენტის პროცესს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.