შალვა პაპუაშვილი – მოლაპარაკების მაგიდასთან მხარე უკრაინაა, რა გამოდის, უკრაინას ანდობენ, რომ ევროკავშირის ტერიტორია სისხლით დაიცვას და არ ანდობენ, ევროკავშირის ინტერესები სიტყვით დაიცვას?
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ სურთ, ევროკავშირი მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში კაია კალასმა წარმოადგინოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის სურათი.
„მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირი დღემდე არ ჯდება, ეს სრულად ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის დამსახურებაა, ამაში კაია კალასს თავისი დიდი წვლილი აქვს შეტანილი. გამოწვევა არ არის მხოლოდ ის, რომ რუსეთს, შეიძლება, არ უნდოდეს ზოგიერთ წარმომადგენელთან მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნა. ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციაც პირდაპირ შეხვედრებს გაურბის. ორი წელი გავიდა, რაც ამერიკის ახალი ადმინისტრაციაა და დღემდე არ ყოფილა ამერიკის სახელმწიფო მდივნის და ევროკავშირის საგარეო წარმომადგენლის ორმხრივი შეხვედრა. ეს საერთო ფორმატებსა და კონფერენციებში იყო. საგარეო წარმომადგენლისთვის მიმართ უნდობლობა შიგნით ევროკავშირშიც არის. აბუ დაბის მოლაპარაკების რაუნდების შემდეგ ამერიკელი მომლაპარაკებლები მოსკოვში იყვნენ, შემდეგ დუბლინში ჩავიდნენ და განაცხადეს, რომ მომდევნო რაუნდზე, სავარაუდოდ, უკვე ევროკავშირის წარმომადგენლებიც იქნებიან, თუმცა ვინ იქნებიან, დღემდე არ არის ცნობილი. კაია კალასი ამბობს, რომ ის უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ვიცით, რომ შიგნით ამაზე არ არის თანხმობა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ სურთ, ევროკავშირი ასეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში კაია კალასმა წარმოადგინოს. ვხედავთ, რომ ამ პროცესში ჩართულია ხან ფინეთის პრეზიდენტი, ხან ნორვეგიის და შემდეგ ერთმანეთს საყვედურობენ. ეს არის ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის სურათი.
რაც შეეხება კაია კალასის პრეტენზიას, ევროპის უსაფრთხოების საკითხები წყდება და ჩვენც იქ უნდა ვიყოთო. მოლაპარაკების მაგიდასთან მხარე უკრაინაა. რა გამოდის, უკრაინას ანდობენ, რომ ევროკავშირის ტერიტორია თავისი სისხლით დაიცვას და არ ანდობენ, რომ ევროკავშირის ინტერესები სიტყვით დაიცვას? თუ ვინმეს იმ მაგიდასთან ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრის უფლება აქვს, სწორედ უკრაინაა, რადგან მან სისხლით დაიმსახურა უფლება, ისაუბროს ევროპის უსაფრთხოებაზე, შესაძლო გადაწყვეტის საკითხებზე, უსაფრთხოების მომავალ სისტემაზე. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არცერთი წვეთი თავიანთი სისხლის არ დაუღვრიათ ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში მონაწილეობის მისაღებად. არცერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრიათ – არც ესტონელს, არც ფრანგს, არც გერმანელს. სისხლი დაღვარა უკრაინამ სწორედ იმისთვის, რომ როცა საქმე შეეხება ევროკავშირის უსაფრთხოების მომავალ სისტემას, მან გადამწყვეტი სიტყვა თქვას და მისი პოზიცია და მისი პირობები იყოს გადამწყვეტი. კაია კალასმა თქვა, რომ სანქციები ჩვენი გადასაწყვეტიაო. ეს ნიშნის მოგებით თქვა და აღნიშნა, ჩვენ გარეშე ამ საკითხს ვერ გადაწყვეტენო. რა გამოდის? მოლაპარაკების პროცესში, თუ უკრაინისთვის მისაღები პირობები იქნება, ამ პირობებზე წავლენ და ამის წინაპირობა იქნება სანქციების შერბილება, მოხსნა ან სხვაგვარად მოდიფიცირება, ევროკავშირი თუ არ იქნება ამის მონაწილე, ასეთ შეთანხმებას დაბლოკავს და უკრაინას მშვიდობის საშუალებას არ მისცემს, იმიტომ, რომ თვითონ არ იყო ჩართული? რასაც ვისმენთ, შანტაჟის ენაა, რომელსაც ბოლო პერიოდია, ბრიუსელი შეეჩვია. ბრიუსელში სწორედ ეს არის საბჭოთა მენტალიტეტი, რომ თუ არ იქნებიან, შანტაჟის ენით ააყირავებენ მაგიდას და ვინ ეკითხება უკრაინას, რომ ისაუბროს ევროპის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირს წარმომადგენლები უნდა იყვნენ თვითონ, ანტონიუ კოშტა და ურსულა ფონ დერ ლაიენი.