შალვა პაპუაშვილი - მოლაპარაკებების შინაარსის გასაჯაროება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე და დიალოგის ჩაშლის სურვილზე მიუთითებს
შალვა პაპუაშვილი - მოლაპარაკებების შინაარსის გასაჯაროება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე და დიალოგის ჩაშლის სურვილზე მიუთითებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრ შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციასთან დიალოგის პერიოდში მათი, ასევე ფასილიტატორი ელჩების თხოვნა იყო, რომ მოლაპარაკებების შინაარსი არ გასაჯაროებულიყო, თუმცა სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა.

პაპუაშვილის შეფასებით, გარკვეული საკითხების გასაჯაროება მიუთითებს ერთი მხრივ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, მეორე მხრივ კი დიალოგის ჩაშლის სურვილზე.

„ოპოზიციის გეგმისა და პუნქტების გასაჯაროება მოხდა. ეს ძალიან დასანანია. ჩვენ დიალოგის პერიოდში მკაცრად ვაცხადებდით, მათ შორის ფასილიტატორი ელჩების თხოვნა იყო, რომ ამ მოლაპარაკებების შინაარსი არ გასაჯაროებულიყო. ამიტომ, ეს ერთი მხრივ აჩვენებს იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, რომელიც ზოგიერთ ოპონენტს აქვს. არ ვიცი, გასაჯაროების წყარო ვინ არის, თუმცა ვინაიდან ეს ერთ-ერთ ტელევიზიაში გაჟღერდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომელმა პარტიამ გადასცა ამ ტელევიზიას ეს საკითხები.

ორი რამეა – ერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და მეორე, იმ პარტიის თუ ადამიანის მხრიდან, რომელმაც გაასაჯაროვა, იმაზე მოუთითებს, რომ მათ არ სურთ, დიალოგი წარმატებული იყოს, ამ დიალოგის ჩაშლა სურთ. შინაარსობრივ საკითხში არ შევალ, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მესამე რაუნდი მიმდინარეობს და ყველა ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან განიხილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესზეც არის დოკუმენტში საუბარი, პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის დოკუმენტის შინაარსს არ განიხილავს, თუმცა ერთ პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას.

„ოპოზიციის დოკუმენტის შინაარსში არ შევალ, მაგრამ ცნობისთვის გეტყვით, იქ საუბარია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატი ავტომატურად დაინიშნოს. კითხვა მაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰკითხეთ, მათ რამდენად აქვთ სურვილი, ამაში ჩაერთონ. დარწმუნებული ვარ, ჩართვის არანაირი სურვილი არ ექნებათ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, არ არსებობს არც ერთი უცხოური ორგანიზაცია ან სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელიც საეჭვოდ მიიჩნევს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს.

„არჩევნებიდან თვეზე მეტი გავიდა და კიდევ ერთხელ შევაჯამოთ. ამ პერიოდში ყველაფერი გაიცვალა, რომელიღაც მხარის რაიმე მტკიცებულება და არგუმენტი თუ არსებობდა. ყველაფერი ითქვა ტელევიზიით და „ფეისბუქის“ სტატუსებით. ყველა ერთ რამეზე ვთანხმდებით, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს არც ერთი უცხოური ორგანიზაცია ან სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელიც საეჭვოდ მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩევლის ნება აისახა ზუსტად ისე, როგორც ეს ცესკო-ს შედეგებშია.

აქედან გამომდინარე, რეალობას აცდენილია კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება იმ შედეგების, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებმა მოგვიტანა. უბრალოდ, არის ოპონენტების გაჯიუტება იმ კუთხით, რომ ვიდრე არჩევნებზე არ მიაღწევენ იმ შედეგს, რომელიც მათთვის სასურველია, არ უნდათ, ეს არჩევნები აღიარონ.

ამის საპირისპიროდ ჩვენი მოლოდინია, იყოს მრავალპარტიული პარლამენტი. ერთპროცენტიანი ბარიერი „ქართული ოცნების“ ინიციატივაა. ჩვენი ხედვა სწორედ ის არის, რომ პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, ჩვენი საზოგადოება იქ რაც შეიძლება ფართოდ იქნას წარმოდგენილი, პარლამენტის შიგნით იდეებისა და თემების ჭიდილში ჩვენი ხალხისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.