შალვა პაპუაშვილი - მოგვიწოდებდნენ, პიროტექნიკა ახალ წელს არ გამოგვეყენებინა, როგორც ჩანს, რუსთაველზე გულგახეთქილი ჩიტები ნაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმდენად მაღალ მატერიებს ემსახურებიან
მიმდინარე კვირაში განვიხილავთ, მათ შორის, პიროტექნიკის რეგულაციების საკითხებს, რაზეც დიდი ხანია, მიდიოდა საუბარი, მათ შორის, წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია, ეს სფერო მოწესრიგებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სწრაფად მოქმედება როგორც პიროტექნიკის რეგულაციების საკითხებში, ისე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვაში.
„სხვათა შორის, ამაზე საუბრობდნენ გასულ წლებში ადამიანები, რომლებიც წუხდნენ ფრინველებსა თუ ცხოველებზე, მოგვიწოდებდნენ, რომ ახალ წელს პიროტექნიკა არ გამოგვეყენებინა, რათა ფრინველებს გავფრთხილებოდით. იმ ადამიანებისთვის, „ენჯეოს“ წარმომადგენლებისა თუ ცხოველთა დაცვის უფლებების წარმომადგენლებისათვის, ვინც ამას მოუგვიწოდებდნენ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში რუსთაველზე გულგახეთქილი ჩიტები ნაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმდენად მაღალ მატერიებს ემსახურებიან თავიანთი წარმოდგენით. მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ სწრაფად, როგორც პიროტექნიკის რეგულაციების საკითხებში, ისე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვის კუთხით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.