შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, საპარლამენტო მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე რუმინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდეს
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, საპარლამენტო მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე რუმინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდეს

მნიშვნელოვანია, რომ, საპარლამენტო მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს სტატუსზე რუმინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

„დღეს რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შევხვდებით, რომელიც ზაფხულამდე ქვედა პალატას ხელმძღვანელობდა, ახლა კი პრემიერია. მნიშვნელოვანია, რომ, საპარლამენტო მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს სტატუსზე რუმინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდეს. გუშინდელი შეხვედრებიდან გამომდინარე, ამ მხარდაჭერაში დარწმუნებული ვარ.

რუმინეთთან ევროკავშირში ინტეგრაციის გარდა, სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატში გვაკავშირებს საერთო მიზნები, რომ აბრეშუმის გზა – „შუა დერეფანი“ იყოს ის ცენტრალური დამაკავშირებელი ძარღვი, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან დააკავშირებს.

ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელი, ასევე ინტერნეტის კაბელი, რომელიც იდეაა, რომ ასევე შავ ზღვაში იყოს ჩადებული საქართველოსა და რუმინეთს შორის. ეს ის სტრატეგიული პროექტებია, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, რუმინეთთან ერთად კონტრიბუტორი ვიყოთ ევროკავშირის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.