შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს სჭირდება ნატო, ალიანსიც სწორედ იქ იყოს, სამწუხაროდ, მთავარი ნაბიჯი, რომელსაც მოველით, ჯერ გადადგმული არ არის
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს სჭირდება ნატო, ალიანსიც სწორედ იქ იყოს, სამწუხაროდ, მთავარი ნაბიჯი, რომელსაც მოველით, ჯერ გადადგმული არ არის

მადრიდის სამიტიდან კიდევ ერთი სიგნალი მივიღეთ ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერისა და ამის ფარგლებში საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის პროგრამის შექმნის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი სრულ შესაბამისობაშია ნატო-სთან.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქართველოს სჭირდება ნატო, ნატო-ც იყოს სწორად იქ.

„გულდასაწყვეტია, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც ჰქვია საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის თაობაზე შეთავაზება, ჯერ კიდევ არ არის გადადგმული. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებიდან საუბარი გვქონდა, რომ საჭიროა უფრო აქტიური მოქმედება, თუმცა სამწუხაროდ, ის მთავარი ნაბიჯი, რომელსაც მოველით, გადადგმული არ არის. ფაქტობრივად, საქართველო სრულად თავსებადია ნატო-სთან, ჩვენი ჯარის 80 პროცენტს აქვს სხვადასხვა ფორმატში ნატო-ს ჯარებთან ერთად მონაწილეობა და ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი სრულ შესაბამისობაშია ნატო-სთან. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო ავღანეთის მისიის დროს და ყველგან, სადაც კი, ნატო-ს წევრ ქვეყნებს სჭირდებათ, საქართველო არის იქ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქართველოს სჭირდება ნატო, ნატო-ც იყოს სწორედ იქ. სამწუხაროდ, ბოლო გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც წევრობის შეთავაზება ჰქვია, არ არის გადაწყვეტილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.