შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, კანდიდატმა ქვეყნებმა თავიანთი სიტყვა თქვან, ყველანი ვთანხმდებით, რომ საჭიროა ბრიუსელთან ერთი ხმით საუბარი

17:24, 08.07.2026

ბელგრადის დეკლარაციით ჩვენ დავაფუძნეთ მუდმივი ფორმატი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე ყოველ წელს შეიკრიბება, – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბელგრადში, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ფორუმი გაიმართა.

მისივე თქმით,  ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები უნდა იყვნენ არა გაფართოების ობიექტები, არამედ პროცესის თანამონაწილეები და ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები.

„ძალიან ნაყოფიერი ორი დღე იყო. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სერბეთისა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეებს, რომლებიც იყვნენ ინიციატორები ამ შეხვედრის და, ზოგადად, ახალი და უნიკალური ფორმატისა. ფორმატისა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს გვექნება შესაძლებლობა, ერთმანეთთან გვქონდეს კონტაქტი იმ მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც ინტეგრაციის გზაზე იქმნება. დღეს, ბელგრადის დეკლარაციით, ჩვენ დავაფუძნეთ ეს ფორმატი, ასევე გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნება მუდმივი ფორმატი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე ყოველ წელს შეიკრიბება. შეკრებებს შორის გვექნება როგორც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე მუდმივი კონტაქტი, ასევე სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატს გამოვიყენებთ. ყველანი ვთანხმდებით, რომ საჭიროა ბრიუსელთან ერთი ხმით საუბარი მაშინ, როდესაც მიდის სხვადასხვა ვარიანტზე ფიქრი ევროკავშირის შიგნით, თუ როგორ მოხდეს ახალი წევრების მიღება თუ არმიღება, იყოს ეს სრული წევრობა, ნახევარწევრობა, არაწევრობა, არასრულფასოვანი წევრობა, მეორეხარისხოვანი წევრობა. ვხედავთ, რომ ყველანაირი ვარიანტი გვესმის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა თავიანთი სიტყვა თქვან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ გაფართოების ობიექტები, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ პროცესის მონაწილენი და ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები მისი შინაარსით, ფორმით და პროცედურებით. ეს ერთსულოვნება დღეს ყველა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს შორის იყო, გვიხარია, რომ ამ მხრივ თანამოაზრეები ვართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, ერთი საქმის გარშემო გაერთიანებული ქვეყნების პარლამენტები იყვნენ ერთიანი პროცესის მონაწილეები.

„ბელგრადის დეკლარაცია ხაზს უსვამს იმ პრინციპს, რომელზეც დაფუძნებულია ეს ერთობა – საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღიარება; ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე იმ პროცედურების ერთგულება, რომლებიც ჩადებული იყო ევროკავშირის გაფართოების პროცესში; ფორმატები, რომლებითაც შემდეგ  უნდა დაიტვირთოს პარლამენტის თავმჯდომარეების პლატფორმა. მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადაიდგა, დოკუმენტი შეიქმნა. მაშინ, როდესაც ვხედავთ მსგავსი საერთაშორისო ფორუმების თვითდისკრედიტაციას, მნიშვნელოვანია, თანამოაზრეები, ერთი საქმის გარშემო გაერთიანებული ქვეყნების პარლამენტები ვიყოთ ერთიანი პროცესის მონაწილე.

ეს არის თავად კანდიდატი ქვეყნების ფორმატი, რომელშიც ჩვენ გვსურს, სხვადასხვა შეხვედისას მოვიწვიოთ ბრიუსელის წარმომადგენლები, რათა გავაცნოთ ჩვენი მოსაზრებები. ასე რომ, ეს ფორმატი არ გულისხმობს კარჩაკეტილობასა და ერთმანეთში საუბარს, არამედ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას და ამ პოზიციით წარდგომას ბრიუსელის და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის წინაშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი