შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდეს თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაც დემოკრატიისა და ხალხის ნების პატივისცემაზეა დამყარებული
ჩვენი დელეგაციის ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩვარდა მცდელობა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ ეღიარებინათ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მანდატები და ამით, გარკვეულწილად, ჩრდილი მიეყენებინათ თითქოს საპარლამენტო არჩევნებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებისას განაცხადა.
თუმცა, პაპუაშვილის განმარტებით, აბსოლუტურად მიუღებელია რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერა დათქმები და ასეთ პირობებში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვერ იმუშავებდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში.
„მინდა, შევეხო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. სამწუხაროა ის რეზოლუცია, რომელიც მიიღო საპარლამენტო ასამბლეამ. ამავე დროს, ხაზგასასმელია მცდელობა, რომ არ ეღიარებინათ დელეგაციის მანდატები და ამით, გარკვეულწილად, ჩრდილი მიეყენებინათ თითქოს საპარლამენტო არჩევნებისადმი. ამიტომაც მინდა, მადლობა გადავუხადო დელეგაციას და მის ხელმძღვანელს, ქალბატონ თეა წულუკიანს. ეს მცდელობა ჩაუვარდა ოპოზიციას, მის მხარდამჭერ და გვერდში მდგომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის ზოგიერთ უცხოურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ჰარმონიულად და ორკესტრირებულად მუშაობდნენ ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ. ეს მცდელობა ჩავარდა ჩვენი დელეგაციის ძალიან ინტენსიური მუშაობის შედეგად და დელეგაციის უფლებამოსილება იქნა ცნობილი საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, თუმცა ის რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერა დათქმები, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამაზე დელეგაციამაც გააკეთა განცხადება, მეც მქონდა განცხადება, რომ ასეთ პირობებში ჩვენ ვერ ვიმუშავებთ ასამბლეის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდეს თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაც დემოკრატიისა და ხალხის ნების პატივისცემაზეა დამყარებული. თუკი პატივი არ ვეცით ერთმანეთის სუვერენიტეტს, პატივი არ ვეცით ხალხის ნებას, რომელიც არჩევნებში გამოიხატება, მაშინ, რა თქმა უნდა, რთულია, ვისაუბროთ საერთაშორისო თანამშრომლობის იმ პრინციპებზე, რომლებზეც დამყარებულია თანამედროვე სამყარო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები გამოიწვია. ამ საკითხს დღეს ბიუროს წევრებმაც დაუჭირეს მხარი.
„მოგეხსენებათ, „ქართულ ოცნებას“ და „ხალხის ძალას“ აქვთ იქ განსაზღვრული კვოტები და თავისი კვოტების შესაბამისად, დელეგაციის შემდეგი წევრები: თეა წულუკიანი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, სამივე ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ და ეკა სეფაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალიდან“, ასევე სათადარიგო შემადგენლობიდან ლევან მაჭავარიანი,რატი იონათამიშვილი და ზვიად შალამბერიძე, ესენიც ყველანი არიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები და გამოწვეული არიან დელეგაციის შემადგენლობიდან. თუმცა დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება, მხოლოდ წევრები არიან გამოწვეული“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე.
ამავდროულად, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ დელეგაციის წევრებმა ასევე ინდივიდუალურად მიმართეს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მათი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აქვს მოლოდინი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდება თავის პირვანდელ ღირებულებებს, რომლებიც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დამყარებული.
„მეც მივმართავ შემდეგ უკვე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში წევრები არ არიან და ამაზეც შესაბამისად ექნებათ ინფორმაცია მიწოდებული, რა თქმა უნდა, იმ განმარტებით, რომელიც საჯაროდაც არაერთხელ გაკეთდა. ჩვენ ველოდებით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდება თავის პირვანდელ ღირებულებებს, რომელიც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დამყარებული. რაც შეეხება ევროპის საბჭოს, საქართველო რჩება ევროპის საბჭოს ერთგული წევრი, ისევე როგორც წლების, ათწლეულების განმავლობაში და ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო იქნება ასეთივე ერთგული საკუთარი ვალდებულებებისა, რომელიც გაგვაჩნია, ასევე, იმ თანამშრომლობისა, რომელსაც ემყარება ევროპის საბჭოში ჩვენი წევრობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.