შალვა პაპუაშვილი - მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას აღარ უნდა ერქვას ქართლის დედა, დედა ენას - დედა ენა
შალვა პაპუაშვილი - მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას აღარ უნდა ერქვას ქართლის დედა, დედა ენას - დედა ენა

მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ, რომ ჩვენს ენობრივ წესებში ჩარევა მოხდეს და თავს მოხვეული იყოს ვითომდა ღირებულებების დროშით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა და გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორებიცაა: „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც მსგავსი მიდგომების პროპაგანდას დაიწყებენ.

„თავისთავად, ქვეყნების გადასაწყვეტია ენობრივი წესები როგორ და რა ფორმით ექნებათ, რა წესები მოქმედებს, ეს ჩვენი საქმე არ არის, თუმცა ასეთ ტენდენციებზე როცა ვსაუბრობთ, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგში ასეთი მიდგომების პროპაგანდა იწყება ხოლმე საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის თუ დაფინანსების გამოყენებით. თავისთავად მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, დედა ენას აღარ უნდა დაერქვას დედა ენა და დედამიწას – დედამიწა. თავის დროზე, როცა საზღვარგარეთ თითო-ოროლა ასეთი რამ გვესმოდა, რა თქმა უნდა, ირონიას იწვევდა, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს ეს საკითხი იმდენად სერიოზულია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია ხაზგასმა, რომ ქალი არის ქალი და კაცი – კაცი. ეს თავის დროზე ირონია, ხუმრობა გვეგონა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ასეთი ტენდენციებიც არის. მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ და არ დავუშვათ, რომ ჩვენს ენობრივ წესებში ჩარევა მოხდეს და თავს მოხვეული იყოს ვითომდა ღირებულებების დროშით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.