შალვა პაპუაშვილი - როგორც ე.წ. გაყალბებული არჩევნების, უკრაინის მიმართ არასოლიდარობის პროპაგანდა ჩაიფუშა, მჯერა, საზოგადოება ყოველთვის აჩვენებს თავის სიბრძნეს
მჯერა, როგორც ე.წ. გაყალბებული არჩევნების პროპაგანდა ჩაიფუშა, როგორც უკრაინის მიმართ არასოლიდარობის პროპაგანდა ჩაიფუშა, ჩვენი საზოგადოება ყოველთვის აჩვენებს თავის სიბრძნეს, რადგან ფაქტებით, დაფიქრებით პასუხობს ამ ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, არჩევნებისა და უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ჩამოყალიბებულ აღქმებს ფაქტებმა აჯობა.
„გასაგებია, როცა ადამიანს შეიძლება ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს საკითხის მიმართ. საქმე იმაშია, ეს თემა რამდენად სწორად და გამრუდებულად იქნა მიწოდებული. გავიხისენოთ 2020 წლის არჩევნები, მაშინაც გვახსოვს აღშფოთებული მოქალაქეები, ე.წ. გაყალბებული არჩევნების გამო. ხომ გავიდა დრო და ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო აბსოლუტური ტყუილი, წინასწარ შექმნილი ყალბი ნარატივი, რომელიც გამყარებული იყო, მათ შორის, ყალბი პარალელური დათვლის შედეგებით, მათ შორის განცხადებებით, სადაც ბევრი სიყალბე იყო საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ გავიდა დრო და ამ აღქმებს აჯობა ფაქტებმა. ასევე იყო უკრაინის მიმართ სოლიდარობის საკითხზე. მაშინაც გახსოვთ აღშფოთებული მოქალაქეები, რადგან ისე მიაწოდეს თემა, თითქოს საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებ სოლიდარობას იჩენდა უკრანის მიმართ. გავიდა დრო და ამ აღქმებს, რომელიც ჩამოაყალიბეს პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით, აჯობა ფაქტებმა და ყველამ დაინახა, რომ საქართველო, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ყველაზე დიდ სოლიდარობას იჩენს იმ პირობების გათვალისწინებით, რომელშიც არის. ანუ, ქვეყანა, რომელსაც არ იცავს ნატო-ს ჯარისკაცი, არ აქვს ევროკავშირის მხრიდან ეკონომიკური სოლიდარობის მოლოდინი, როგორც ვალდებულების. ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, რომელიც ამ საკითხში უკრაინას უდგას გვერდით, არ გვიცავს ჩვენ ნატო-ს ქოლგა, ევროკავშირის ქოლგა და მიუხედავად ამისა, ბოლომდე სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ, მათ შორის ბოლო რეზოლუციის თანაავტორებიც ვიყავით გაერო-ში. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში არ იმეორებს იმ შეცდომას, რომლის მომსწრეც არის ყველა საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ“.
„სამწუხაროდ, ყველა წინა ხელისუფლების პერიოდში ჩვენმა ხელისუფლებებმა, არ ვიცი, ნებსით თუ უნებლიეთ, რამის აცილება შეიძლებოდა თუ არა, მაგრამ ფაქტი ფაქტია, რომ ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, სადაც ჩვენ ვართ ბოლო 30 წელია, აისბერგებს, რომლებიც ჩვენს რეგიონშია, ყველა ამ აისბერგს მიგვახეთქა ჩვენმა ხელისუფლებებმა, ყველა წინა ხელისუფლებამ. შეიძლება, რაღაცის აცილება შეიძლებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ არ არსებობს, არ არასებობდა აისბერგი, რომელსაც არ მიეხეთქა საქართველო, იქნებოდა ეს შინა არეულობები, ომები თუ ა.შ. ბოლო 10 წელი სწორედ „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკა არის გარანტი, რომ ეს ქვეყანა ყველა აისბერგს ასცდა. როცა ვსაუბრობთ ჩვენ მშვიდობაზე, ამაში იგულისხმება არა მხოლოდ საგარეო ომები, არამედ ამაში იგულისხმება სამოქალაქო მშვიდობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ქვეყანაში და სწორედ სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ ის ენერგია, იმ ახალგაზრდების, ბავშვების ენერგია, რომელსაც ასე ბოროტად იყენებს ჩვენი რადიკალური პოლიტიკური ფრთა, არ იქნას მიმართული არასწორად, რადგან არ არსებობს საკითხი, რომელიც ღირს ერთი ახალგაზრდის თუ ბავშვის ჯანმრთელობად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.