შალვა პაპუაშვილი - მივმართავ მედიას, საკანონმდებლო ინიციატივების გაშუქებისას დაასახელონ, ვის ეკუთვნის ინიციატივა, პოლიტიკურ ჯგუფს თუ მოქალაქეს
შალვა პაპუაშვილი - მივმართავ მედიას, საკანონმდებლო ინიციატივების გაშუქებისას დაასახელონ, ვის ეკუთვნის ინიციატივა, პოლიტიკურ ჯგუფს თუ მოქალაქეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, წინადადებით მიმართოს პარლამენტს, რასაც საკანონმდებლო ორგანო განიხილავს და შესაძლოა, წინადადება საკანონმდებლო ინიციატივად იქცეს, კანონში გარკვეული დებულება შეიცვალოს.

პაპუაშვილმა მოუწოდა მედიას, ამგვარი საკითხების გაშუქებისას, სწორად მიაწოდონ მოქალაქეებს ინფორმაცია, განმარტონ, ვის ეკუთვნის წინადადება – რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, თუ მოქალაქეს.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, საზოგადოებისთვის არასწორად მიწოდებული ინფორმაცია ხშირად სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის პარლამენტის დისკრედიტაციის თუ გარკვეული კითხვის ნიშნების გაჩენის საბაბი ხდება.

„მინდა, დავუბრუნდე საკითხს, რომელიც გახლავთ მოქალაქე ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს დაქვემდებარებულ ჟანდარმერიის შექმნასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში იყო რამდენიმე ინფორმაცია, ვთქვათ, დარბაზი დაერქვას პარლამენტს, დარბაისლები და ასე შემდეგ. მინდა, მივმართო მედიას და ვთხოვო, რომ ასეთი ინფორმაციის გაჟღერებისას, იყვნენ კეთილსინდისიერი, არ შეუქმნან შთაბეჭდილება მოქალაქეებს, თითქოს რომელიმე პარტიის რაღაც საკანონმდებლო ინიციატივაა. ჩვენ ვიცით, რომ ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, საკანონმდებლო წინადადებით მიმართოს პარლამენტს. შემდეგ კომიტეტებს ეგზავნებათ ეს წინადადებები, კომიტეტი მსჯელობს. თუკი მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ წინადადებას, აქცევს თავის ინიციატივად. ვიდრე ინიციატივად არ იქცევა, არის მოქალაქის ჩვეულებრივი მოსაზრება რაღაც საკითხთან დაკავშირებით.

ვინაიდან ხშირად ხდება ხოლმე ეს, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში, პარლამენტის დისკრედიტაციის თუ ყოველ შემთხვევაში, გარკვეული კითხვის ნიშნების გაჩენის საბაბი, მივმართავ განსაკუთრებით მედიას, ამ კუთხით კეთილსინდისიერი იყოს. საკითხების გაშუქებისას შეეცადონ, არ შექმნან შთაბეჭდილება ან აღქმა იმისა, რომ წინადადება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივაა. იქვე დაასახელონ, რომ არის მოქალაქის ინიციატივა და ამით უკვე ყველაფერს მოეფინება ნათელი. ახლაც ვნახეთ, რომ ვთქვათ, ჟანდარმერიის შექმნის წინადადებით არის შემოსული ერთ-ერთი მოქალაქე. არ ვიცი, შინაარსს არ ვიცნობ, მაგრამ თავისთავად ვხედავთ, რომ ასე ვთქვათ, ჰედლაინისთვის ჟღერადი დასათაურება აქვს. ამიტომ ამგვარი ინფორმაციის გაჟღერებისას, ნუ შევიყვანთ შეცდომაში ჩვენს მოქალაქეებს, რადგან შემდეგ ეს სპეკულაციების საფუძველი ხდება ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, იაქტიურონ, მიმართონ წინადადებით პარლამენტს, მაგრამ ამავე დროს სერიოზულად მოეპყრან საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას.

„ასევე, მივმართავ მოქალაქეებს, კარგია, სასიხარულოა, რომ მოქალაქეები აქტიურობენ, წინადადებებით მოგვმართავენ, მაგრამ სერიოზულად მოეპყრან პარლამენტის ფუნქციონირებას, შესაბამისად, წინადადებებს, რომლებიც შემოდის მოქალაქეებისგან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, იყვნენ აქტიურები. როდესაც განათლების კომიტეტში ვიყავი, ჩვენ ერთი წინადადება გავიზიარეთ კიდეც, ვაქციეთ ინიციატივად და შევცვალეთ კანონში გარკვეული დებულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.