შალვა პაპუაშვილი - მივიღე 44 ევროპარლამენტარის წერილი, სამწუხაროდ, ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე, არადა, ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ვნახავ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ
შალვა პაპუაშვილი - მივიღე 44 ევროპარლამენტარის წერილი, სამწუხაროდ, ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე, არადა, ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ვნახავ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ

მივიღე 44 ევროპარლამენტარის მიერ გამოგზავნილი წერილი, წავიკითხე და, სამწუხაროდ, ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე ამ წერილში, არადა, მე ერთადერთი მოლოდინი მაქვს ამ დეპუტატებისგან, რომ ვნახავ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კონკრეტულმა ევროპარლამენტარებმა ბოდიში უნდა მოიხადონ იმის გამო, რომ წელიწადზე მეტია, რაც არიან მონაწილე იმ დეზინფორმაციული კამპანიის, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო მომსახურება, თითქოს მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი აწამეს და ეს არა მხოლოდ ამ კამპანიის მონაწილეები არიან, არამედ რეზოლუციებიც კი მიიღო ევროპარლამენტმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების პროცესშია და ყველა, ვინც გაეკარა ამ საკითხს, ყველა შერცხვა საქართველოს წინაშე, შერცხვა ევროპარლამენტი, რომელმაც დეზინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციები მიიღო.

„ჩვენ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვართ ერთ აზრზე, რომ ეს ყველაფერი ეყრდნობა ტყუილს, ეს თქვა ზუსტად სტრასბურგის სასამართლომ, რომ მას მიეწოდება ყველა სათააადო სერვისი და სინამდვილეში ის არის თვითდაზიანების პროცესში. სამწუხაროა, რომ ყველა, ვინც გაეკარა მიხეილ სააკაშვილის საკითხს ამ მხრივ, ყველა შერცხვა საქართველოს წინაშე, შერცხვა ევროპარლამენტი, რომელმაც დეზინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციები მიიღო, შერცხვა, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც, ნაცვლად იმისა, რომ მადლობა გადაეხადა საქართველოს ელჩისთვის, რომელიც ერთადერთი ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში ბოლო მომენტამდე, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს, ქართულ დროშას აფრიალებდა, ნაცვლად იმისა, რომ მადლობა გადაეხადა, გამოაძევეს უკრაინიდან. შერცხვნენ ყოფილი ელჩები, რომლებიც მონაწილენი არიან ამ დეზინფორმაციის, შერცხვნენ მოქმედი ელჩები საქართველოში, რომლებმაც, იცით, რომ დემარშით მიაკითხეს იუსტიციის მინისტრს და ეს დემარში სრულად დაფუძნებული იყო ტყუილზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.