შალვა პაპუაშვილი - მისასალმებელია, რომ  ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განცხადებების ინტენსიური განხილვა მიმდინარეობდა, შესწავლის პროცესი დაიწყო
შალვა პაპუაშვილი - მისასალმებელია, რომ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განცხადებების ინტენსიური განხილვა მიმდინარეობდა, შესწავლის პროცესი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სამი ქვეყნის განაცხადზე, რომელთა შორის არის საქართველო, ევროკავშირში განხილვები და განცხადებების შესწავლის პროცესი დაიწყო.

აღნიშნული კომენტარით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის ლიდერების გუშინ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭომ იმოქმედა სწრაფად და ევროკომისიას გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განცხადებების განხილვისკენ მოუწოდა.

„ბოლო დღეებში ევროკავშირში მოდიოდა ინტენსიური განხილვა განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკრაინასთან ერთად, წარადგინა საქართველომ და მოლდოვამ. მისასალმებელია, რომ პროცესი დაიწყო. როგორც წესი, თავად ამ პროცესის დაწყებასაც გარკვეული დრო უნდა ხოლმე. ამიტომ თუკი ჩვენ ვსაუბრობთ დაჩქარებაზე, დაჩქარება უკვე თავად ის მომენტია, როდესაც პროცესი დაწყებულია, შესწავლის პროცესი დაიწყო. კერძოდ, ევროკავშირი სამი ქვეყნის მიერ წარდგენილ განაცხადს შესაბამისი პროცედურის საფუძველზე შეისწავლის, მიანიჭოს თუ არა ქვეყნებს კანდიდატის სტატუსი. საერთო ჯამში, გაწევრიანების ან კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესებს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაახტება. ჩარჩო მაინც რჩება ასოცირების შეთანხმება. ამ შეთანხმებაშია გაწერილი ყველა საჭირო ამოცანები თუ მიზნები, რასაც უნდა მიაღწიოს საქართველომ, მათ შორის საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, რაც პარლამენტს შეეხება. დღეს გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი. ესეც გახლავთ სწორედ ის ნაწილი, რასაც საქართველოს პარლამენტი აკეთებს, რათა ევროინტეგრაციის პროცესი დააჩქაროს. რაც უფრო მალე დავუახლოვდებით საკანონმდებლო კუთხით ევროკავშირს, მით უფრო მალე იქნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჩვენს სტატუსთან დაკავშირებით“, – განაცხადა  შალვა პაპუაშვილმა.