შალვა პაპუაშვილი - მინდა, ვკითხო მათ, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან გველაპარაკება ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია?
შალვა პაპუაშვილი - მინდა, ვკითხო მათ, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან გველაპარაკება ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია?

მინდა, ვკითხო მათ, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან გველაპარაკება ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარების მხრიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გამოთქმული შეშფოთების შეფასებისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს ზედაპირულობას.

„ამ ადამიანებს ზედაპირული ინფორმაცია და განსჯა აქვთ რაღაც ბანალური არგუმენტით, რომ თვითმფრინავი ვერ დაჯდება თბილისში, თუ თბილისმა არ მიიღო. ევროპარლამენტში დისკუსია ასეთ ბავშვურ დონეზე რომ მიდის, ეს უკვე თავად აჩვენებს, რა ტიპის სიღრმეებთან გვაქვს საქმე. საქართველოს მიმართ სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქცია მოხსნა, ძველი რეჟიმი აღდგა. აღდგა ის ჩარჩო-შეთანხმებები, რაც საქართველო-რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2010 წელს გაფორმდა. ამ ჩარჩო-შეთანხმების ფარგლებში კომპანიებმა შესაბამის ინსტიტუტებს ფრენების განხორციელების მიზნით მიმართეს. ამ შემთხვევაში შეეძლოთ უარი ეთქვათ, მაგრამ მხოლოდ ერთი გზით, სანქციის დაწესებით. როცა საუბრობენ, რომ თანხმობა იყო საჭირო, საქართველო თუ რუსეთს სანქციას დაუწესებდა, ეს იყო გზა, რომ ორმხრივი ფრენები არ დაგვეშვა. მინდა, ვკითხო იმ ადამიანებს, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია, თუ ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი გვეუბნება და ყველა დედაქალში გვეუბნებიან, რომ არ უნდა დავუწესოთ? არ მგონია, ბრიუსელელი ბიუროკრატები თავიანთი თბილი კაბინეტებიდან წყვეტდნენ, საქართველო უნდა წავიდეს თუ არა ესკალაციაზე. ეს ამ ადამიანების შეფასებების ზედაპირულობას და უპასუხისმგებლობას აჩვენებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.