შალვა პაპუაშვილი - მიმდინარე კვირის დღის წესრიგში ხუთი კანონპროექტი გვაქვს განსახილველი, აქედან სამი ოპოზიციის მიერაა ინიცირებული
შალვა პაპუაშვილი - მიმდინარე კვირის დღის წესრიგში ხუთი კანონპროექტი გვაქვს განსახილველი, აქედან სამი ოპოზიციის მიერაა ინიცირებული

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს, თქვენ ალბათ გაეცანით მიმდინარე კვირის დღის წესრიგს. ხუთი კანონპროექტი გვაქვს განსახილველი, აქედან სამი კანონპროექტი არის ოპოზიციის მიერ ინიცირებული, – ასე მიმართა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრს, რომან გოცირიძეს, რომელმაც საქართველოს პარლამენტი ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვის უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძეს განუმარტა, დღის წესრიგში წარმოდგენილი ხუთი საკითხიდან სამი ოპოზიციის მიერ არის ინიცირებული.

„ბატონო რომან, ორ კანონპროექტზე ბატონი გიორგი ვაშაძეა მომხსენებელი და ერთზე – ქალბატონი თეონა აქუბარდია და ბატონი არმაზ ახვლედიანი. ასე რომ, რაც მოსულია, დღის წესრიგშია. ეს არის და იმედია, ამ ორ კანონპროექტსაც გამოიტანენ განსახილველად,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასესიო კვირის დღის წესრიგზე ისაუბრა და მმართველი გუნდი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.

„ეს კანონპროექტები არ იხილება იმის გამო, რომ „გაჭედელია“ კომიტეტებში. არღვევთ რეგლამენტს. არღვევთ კონსტიტუციას. რომელი კონსტიტუციის დაცვაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში გაუქმებულია კონსტიტუცია, კანონები. არ არსებობს პარლამენტი, პროკურორი პროკურორს არა ჰგავს და მოსამართლე – მოსამართლეს. კონსტიტუციურ უფლებას გვართმევთ, რომ ჩვენ კანონპროექტები წარმოვადგინოთ და განვიხილოთ პარლამენტში. ამიტომ მოგიწოდებთ, შეწყვიტეთ ხელოვნურად იმ საკითხების შეჩერება და საზოგადოების თვალწინ მისი განხილვის დაბლოკვა, ვინაიდან თქვენ გეშინიათ ხალხის, გეშინიათ იმის, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოება მოისმენს და გაიგონებს იმ კანონპროექტებს, რომლებიც სჭირდება დღეს ქვეყანას და რომლებიც არ გჭირდებათ თქვენ“, – მიმართა რომან გოცირიძემ უმრავლესობას.