შალვა პაპუაშვილი - მიკვირს, რად უღირს „ლელოს“, რომ საქართველოს დაარტყას ყოველდღე, ეს შორს არის პატრიოტიზმისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი კატარღების რუსეთიდან შესყიდვა არ განუხორციელებია
შალვა პაპუაშვილი - მიკვირს, რად უღირს „ლელოს“, რომ საქართველოს დაარტყას ყოველდღე, ეს შორს არის პატრიოტიზმისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი კატარღების რუსეთიდან შესყიდვა არ განუხორციელებია

ერთადერთი კითხვა, რაც უნდა დაისვას, არის, რატომ ცდილობს „ლელო“ და მისი პარტიული ტელევიზია, ამ შემთხვევაში“ „ტვ პირველი“, საქართველოს რეპუტაციის შელახვას, დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ, არანაირი კატარღების რუსეთიდან შესყიდვა არ განუხორციელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთისგან შეიძინა ოთხი კატარღა.

პაპუაშვილის თქმით, შსს-მ კატარღების მოწოდებისთვის გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული კომპანიები.

„გაიმარჯვა ქართულმა კომპანიამ, იმ კომპანიამ, რომელიც ამერიკული კომპანიის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის, მათ მოახდინეს ამ კატარღების მიწოდება, აწყობა, ამერიკული დეტალებიც არის გამოყენებული. ის მიკვირს, რად უღირს „ლელოს“, რომ ასე ამუშავებს თავის მედიას, რომ საქართველოს დაარტყას ყოველდღე? ეს ხომ შორს არის ქართველობისგან, პატრიოტიზმისგან. როცა ასეთი სიუჟეტების დაკვეთა ხდება, რომ რამენაირად დააზიანონ საქართველოს რეპუტაცია, შეარყიონ ჩვენი უსაფრთხოების სისტემები, ამაზე პასუხი მათ უნდა გასცენ მოქალაქეებს. კითხვები დაესმებათ ხალხისგან, რომელი ქვეყნის მიმართ აქვთ მათ ლოიალობა, ეს არის საქართველო თუ სხვა ქვეყნები, რომლებშიც ვიზიტებით დადიან და ელოდებიან ლეგიტიმაციას? ამიტომ არის, რომ ქართველი ხალხი არასდროს მისცემს ხელისუფლების მანდატს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არა ქართველი ხალხის და  სახელმწიფოს ერთგულია, არამედ სხვა ხალხების, სხვა ორგანიზაციების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.