შალვა პაპუაშვილი - მიხეილ ყაველაშვილის ერთ-ერთი ამოცანა იქნება, აჩვენოს, რას ნიშნავს პრეზიდენტობა საპარლამენტო რესპუბლიკაში, ხალხს ეყოლება პრეზიდენტი, ვისთვისაც სამშობლო უპირველესი იქნება
შალვა პაპუაშვილი - მიხეილ ყაველაშვილის ერთ-ერთი ამოცანა იქნება, აჩვენოს, რას ნიშნავს პრეზიდენტობა საპარლამენტო რესპუბლიკაში, ხალხს ეყოლება პრეზიდენტი, ვისთვისაც სამშობლო უპირველესი იქნება

ჩვენ თავიდან ვთქვით და ოპოზიციის რეაქციამაც აჩვენა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის პოზიციაზე მიხეილ ყაველაშვილის დასახელება. პრეზიდენტის ინსტიტუტმა წინა პრეზიდენტების წყალობით ძალიან დიდი ზიანი მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, განსაკუთრებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, იმდენად დააზიანა ეს ინსტიტუტი, რომ მომავალ პრეზიდენტს საკმაო დრო დასჭირდება, რათა გამოასწოროს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაზიანებული რეპუტაცია.

„რითი დააზიანა მოქმედმა პრეზიდენტმა ეს ინსტიტუტი? პირველი – ჩვენ გვქონდა ამ შემთხვევაში უპრეცედენტო შემთხვევა და, ფაქტობრივად, წინა პრეზიდენტებთან დაკავშირებით, მიუხედავად ძალიან ცუდი გამოცდილებებისა, ერთ-ერთი დღეს ციხეშიც კი ზის. ასეთი ღია, საჯარო გასვლა პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან, სხვა პრეზიდენტებისგან ასეთი უხეში და თავხედური საჯარო დარღვევა კონსტიტუციური უფლებამოსილებებისა, ჩვენ არ გვინახავს, რასაც ქალბატონი სალომე აკეთებს. ფაქტობრივად, მან ქართველ ხალხს თავზე გადაახია კონსტიტუცია.

თქვა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხალხის ხმამ რა კონსტიტუცია დაადგინა. მან პრეზიდენტის ინსტიტუტი აქცია საკუთარ უკანა ეზოდ, სადაც როგორც უნდა, ისე მოიქცევა, რასაც უნდა, იმას გააკეთებს, ვინაიდან მას დაბევებული ჰყავდა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში და იცოდა, რომ მისი იმპიჩმენტი პარლამენტში ვერ შედგება, ამიტომ აბსოლუტურად თავზეხელაღებულად მოქმედებდა. სამწუხაროდ, ამაში მას ეხმარებოდნენ ადგილობრივი პოლიტიკური ძალები, ოპოზიცია, რომლებიც მას აქეზებდნენ კონსტიტუციის დარღვევისკენ და, სამწუხაროდ, ამაში ჩართული იყო ბევრი უცხოელი, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსი თუ ლიდერი. მათ ქართველი ხალხი უბრალოდ არაფრად ჩაგვაგდეს და ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ხალხის ნება აბუჩად აიგდეს იმით, რომ პრეზიდენტს ხელს უწყობდნენ კონსტიტუციის დარღვევაში. ამიტომ, მიხეილ ყაველაშვილის ამოცანა ზუსტად ეს იქნება, რომ, ერთი მხრივ, ქართველ ხალხს აჩვენოს, რას ნიშნავს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში, რას ნიშნავს, იყო იმ პოზიციის წარმომადგენელი, რომელიც, ერთი მხრივ, არის სახელმწიფოს მეთაურის სტატუსის მქონე, მაგრამ, მეორე მხრივ, არ არის ქვეყნის მმართველი.

აი, ეს იყო ის ცდუნება, რომელსაც ვერცერთმა წინა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო და ყველამ მოინდომა, ის მაღალი სტატუსი, რომელსაც კონსტიტუცია მას ანიჭებს, გადაექცია სახელისუფლებო ბერკეტად, რომელიც ქართველ ხალხს არ მიუნიჭებია. ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა – პრეზიდენტის ინსტიტუტის ნამდვილი მხარის ჩვენება, რას ნიშნავს საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტად ყოფნა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომლის მიმართაც არ არსებობს ერთი კითხვაც კი მის პატრიოტულობასთან დაკავშირებით.

„თანამედროვე სამყაროში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენნაირი მცირე და რეგიონული თვალსაზრისით, გარშემო არსებული კონფლიქტების თვალსაზრისით მოწყვლად ქვეყანას, მნიშვნელოვანია, ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც არ მოექცევა არცერთი უცხო ძალის გავლენის ქვეშ. ჩვენ ამას ვხედავთ ქალბატონი სალომეს შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ იმართება ქვეყნის გარედან. ამიტომ უმთავრესი კრიტერიუმი საქართველოს პრეზიდენტობისა არის პატრიოტიზმი და ხალხის მსახურება. ხვალინდელი არჩევნების შემდეგ და შემდეგ უკვე 29 დეკემბრის ინაუგურაციის მერე, ქართველ ხალხს ეყოლება პრეზიდენტი, რომლისთვისაც უპირველესი იქნება თავისი სამშობლო, თავისი ხალხი და კონსტიტუციის დაცვით პრეზიდენტის ფუნქციის შესრულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.