შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები იმდენად ხელისგულზე დევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარც კი საუბრობენ მის პოლიტპატიმრობაზე, მისი უცხოელი მხარდამჭერებიც აღარ საუბრობენ ამაზე
შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები იმდენად ხელისგულზე დევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარც კი საუბრობენ მის პოლიტპატიმრობაზე, მისი უცხოელი მხარდამჭერებიც აღარ საუბრობენ ამაზე

ეს არის შექმნილი ცრუ არჩევანი, თითქოს „ქართული ოცნება“ უნდა წყვეტდეს საკითხს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწიოს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაშვება, რადგან მმართველ პარტიას რამდენჯერმე მოუწია მისთვის არც თუ ისე მომგებიანი ნაბიჯების გადადგმა თუ დაანონსება.

„სინამდვილეში, საკითხი არის ძალიან მარტივად. იყო სასამართლო პროცესი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის მსჯავრის შესაძლო გადავადებას ეხებოდა, სასამართლომ იმსჯელა და ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული პროცესი თავისი გამჭვირვალობით. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ყველაფერი, ყველამ ყველაფერი მოისმინა და ვნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილება. სწორედ ეს არის სამართლიანი სახელმწიფოს ნაწილი. ამიტომ, რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის საკითხს, ამ ნაწილს პასუხი გაეცა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, არის მეორე საკითხი, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ხანია, თავადვე გასცა პასუხი.

„მისი დანაშაულები იმდენად ხელისგულზე დევს, რომ ისინი აღარც კი საუბრობენ მის პოლიტპატიმრობაზე და აღარც მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მხარდამჭერები საუბრობენ ამაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ჯანმრთელობის კუთხით კი სასამართლომ თქვა, რომ სასჯელის გადავადების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არის არა მხოლოდ მართლმსაჯულებაში ჩარევისკენ მოწოდება, არამედ მართლმსაჯულების გაუქმების მოთხოვნა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეთავაზებული აქვს ყველანაირი სამედიცინო სერვისი და მათ შორის, შეთავაზებული აქვს, რომ თუ საჭიროა, სხვა სახის სამედიცინო დახმარება გაეწიოს, ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს.