შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მე-18 დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ყველა კითხვას გაეცა პასუხი
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მხრიდან ყველა კითხვას გაეცა პასუხი.
მისივე თქმით, დაწესებულებაში სათანადო პირობებია შექმნილი, რათა საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილი მიიღოს და უზრუნველყოფილი იყოს ყველა საჭირო მომსახურებით.
„ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არსებობს ყველა საჭირო აპარატურა, რათა ჩაატარონ კვლევა და დასვან დიაგნოზი. სახალხო დამცველი თავისი პერსპექტივით აფასებს ამა თუ იმ სიტუაციას. ამ შემთხვევაში, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მოგახსენეთ ჩემი მოსაზრება და არა მხოლოდ ჩემი, ეს გახლავთ სასჯელაღსრულების დაწესებულების, იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია. მე-18 დაწესებულებაში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ყველა საჭირო სერვისი და უსაფრთხოების კუთხითაც ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი. ამიტომ ვფიქრობ, პასუხი გაეცა ყველა კითხვას, რომელიც სახალხო დამცველს ჰქონდა. მის როლზე ვერაფერს მოგახსენებთ, მან საკუთარი როლი თავად უნდა იპოვოს ამ სივრცეში. თუკი რაიმე კითხვის ნიშანი ჰქონდა, მის კითხვებს პასუხი აქვს გაცემული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატმა ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს გარკვეული რისკი უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, რამდენად შეიძლება N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის იმ სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, რაც ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის 23 ოქტომბრის დასკვნით არის განსაზღვრული.
სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიხეილ სააკაშვილისთვის.