შალვა პაპუაშვილი -  მეორე მოსმენისას  დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის დეტალურად განხილვის საშუალება იქნება და ვნახავთ, რა არგუმენტებია, მათ შორის კრიტიკოსების მხრიდან
შალვა პაპუაშვილი -  მეორე მოსმენისას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის დეტალურად განხილვის საშუალება იქნება და ვნახავთ, რა არგუმენტებია, მათ შორის კრიტიკოსების მხრიდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში არსებული კრიტერიუმები ქართული პოლიტიკური ძალის სუბიექტური გავლენის გარეშეა შემუშავებული.

მისივე თქმით, მეორე მოსმენისას კანონპროექტის დეტალური განხილვის შესაძლებლობა იქნება და გამოჩნდება, რა არგუმენტები აქვთ მათ, ვინც ამ კანონპროექტს აკრიტიკებენ.

„სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა, საერთო ჯამში, ყველაზე ნეიტრალური გზა აირჩია. კერძოდ, აიღო კანონპროექტი, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ მასზე და მის შინაარსზე რომელიმე ქართული პოლიტიკური ძალის სუბიექტური გავლენაა.

აღებულია პროექტი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა შეაფასა, როგორც ძალიან კარგი და პროგრესული. თავად ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ უკრაინას სწორედ იმისკენ მოუწოდეს, რომ ეს კანონი სათანადოდ იყოს აღსრულებული უკრაინაში. ამიტომ, ჩვენ ვეყრდნობით ამ გამოცდილებას და ჯერჯერობით, ეს არის ერთადერთი გამოცდილება მსოფლიოში, რომელიც არსებობს დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

როგორც ხედავთ, ოპოზიციას თავად კრიტერიუმების მიმართ რაიმე დიდი კრიტიკა არ აქვს. ოთხ კრიტერიუმს, რომელიც არის ჩადებული და შემუშავებულია ქართული რაღაც გავლენების გარეშე, ეჭვქვეშ არავინ აყენებს. არის ობიექტური კრიტერიუმები. მეორე მოსმენისას კანონპროექტის დეტალური განხილვის საშუალება იქნება. შესაბამისად, ვნახავთ, რა არგუმენტებია, მათ შორის ამ კანონპროექტის კრიტიკოსების მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.