შალვა პაპუაშვილი - მელიას დაკავების საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, ველოდები, ზოგიერთი ყოფილი ელჩი, ევროპელი პოლიტიკოსები და ყოფილი სახალხო დამცველი მოიხდიან თუ არა ბოდიშს
შალვა პაპუაშვილი - მელიას დაკავების საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, ველოდები, ზოგიერთი ყოფილი ელჩი, ევროპელი პოლიტიკოსები და ყოფილი სახალხო დამცველი მოიხდიან თუ არა ბოდიშს

ნიკა მელიას დაკავების საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, ველოდები, ზოგიერთი ყოფილი ელჩი, ევროპელი პოლიტიკოსები და სახალხო დამცველი მოიხდიან თუ არა ბოდიშს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყველა ამ ადამიანზე განაცხადა, რომ ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით ისინი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

„ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დამწუხრდა იმის გამო, რომ გავიხსენეთ, რა ხდებოდა 2021 წლის თებერვალში, მაშინ როდესაც მოხდა ნიკა მელიას დაკავება. გავიხსენოთ ყველამ ერთად მაშინდელი სახალხო დამცველის განცხადება. რასაც საუბრობდა, იყო აბსოლუტური ტყუილი, თან რა ტერმონოლოგიით, რომ ხელისუფლება გაბოროტებულია ხალხზე და ამიტომ აპატიმრებს ნიკა მელიას; გავიხსენოთ მაშინდელი ზოგიერთი დიპლომატის და მათ შორის ყოფილი ელჩის განცხადება, რომელიც იყო პირდაპირი თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და თითქოს ეს აცილებდა საქართველოს ევროატლანტიკურ გზას; გავიხსენოთ მაშინდელი ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება. აღარ ვსაუბრობ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციაზე. ორკესტრირებულად მაშინ ყველა თავს ესხმოდა ქართულ სახელმწოფოს და გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან ნიკა მელიას დაპატიმრება იყო როგორც კანონიერი, ისე ყველანაირად ჩამჯდარი ადამიანის უფლებათა სტანდარტებში.

კითხვა ისმის, აპირებს თუ არა ყოფილი სახლახო დამცველი, ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს, აპირებენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მაშინ ჯგუფურ განცხადებებს ავრცელებდნენ ამ დაკავებასთან დაკავშირებით, ბოდიში მოუხადონ ხალხს, აპირებენ თუ არა ყოფილი თუ მოქმედი ელჩები, ვინც ამ განცხადებებს აკეთებდნენ მაშინ, ბოდიში მოუხადონ ხალხს, აპირებენ თუ არა ევროპელი პოლიტიკოსები ბოდიშის მოხდას, რადგან ცილი დასწამეს ჩვენს სახელმწიფოს, თითქოს ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება? გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყველა ამ ადამიანზე თქვა, რომ ისინი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ერთადერთი, რასაც მე ველოდები, არის ბოდიში მათი მხრიდან. ჩახედეთ არქივს 2021 წლის თებერვალში, ამოიღეთ, ვინ რა განცხადებებს აკეთებდა და ჰკითხეთ, აპირებენ თუ არა, მოიქცნენ, როგორც ზრდასრული ადამიანები და ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს?“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გუშინ გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.