შალვა პაპუაშვილი - მადლიერი ვართ შვეიცარიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ვაფასებთ მათ შუამავლის ფუნქციას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში
შალვა პაპუაშვილი - მადლიერი ვართ შვეიცარიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ვაფასებთ მათ შუამავლის ფუნქციას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს მასპინძლობს. მხარეებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართა.

როგორც პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და მის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის თანამშრომლობის 30 წელიწადი მოიცავდა წარმატებულ პარტნიორობას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საპარლამენტთაშორისო განვითარების მიმართულებებით.

შალვა პაპუაშვილმა შვეიცარიელ კოლეგას თანამშრომლობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ევროპული გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოში ვუმასპინძლოთ ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური ასამბლეის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ქალბატონ ირენ ქელინს და თანმხლებ დელეგაციას. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენ მადლიერი ვართ შვეიცარიის კონფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ვაფასებთ შვეიცარიის შუამავლის ფუნქციას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში, აგრეთვე, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესთა სექციის მხარდაჭერას. შვეიცარიის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი სიმბოლური და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს სრულდება 30-ე წლისთავი საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან. თანამშრომლობის 30 წელი მოიცავდა წარმატებულ პარტნიორობას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საპარლამენტთაშორისო, განვითარების მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ არსებულ თანამშრომლობას დაემატა უკანასკნელ წლებში ისეთი სფეროებიც, როგორებიცაა გარემოს დაცვა, პროფესიული განათლება, ხალხთაშორისი ურთიერთობები და სხვა. განსაკუთრებით ვაფასებთ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წვლილს საქართველოს ეკონომიკის და საზოგადოებრივ გარდაქმნებში. მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პოზიტიური ტენდენცია და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ.

შეხვედრაზე, აგრეთვე, განვიხილეთ საპარლამენტო კავშირები, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის პარტნიორობა. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება, მეტი ვიზიტისა და შეხვედრის გამართვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ქალბატონ ქელინსა და მის კოლეგებს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩამობრძანებისთვის, ასევე, თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.