შალვა პაპუაშვილი - ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათი ხმა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია, კოლეგებთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა
შალვა პაპუაშვილი - ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათი ხმა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია, კოლეგებთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციას ლუქსემბურგის პარლამენტში ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა.

მისივე თქმით, საჭიროა მჭიდრო კონტაქტი, კომუნიკაცია პარლამენტებს შორის და ისინი ამ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ლუქსემბურგი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარს უჭერს.

„ლუქსემბურგის პარლამენტში ჩვენს კოლეგებთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი, ახლა უფრო ინტენსიურ კონტაქტზე უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. ზოგადად, ეს გასდევს ხაზად ჩვენს შეხვედრებს ევროპაში, რომ საჭიროა ძალიან მჭიდრო კონტაქტი, კომუნიკაცია პარლამენტებს შორის კომიტეტების დონეზე, მეგობრობის ჯგუფების დონეზე. ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ინტეგრაცია ევროკავშირის ინსტიტუტების დონეზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის კომუნიკაცია, კავშირი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ. გვჭირდება ყველა ქვეყნის, მათ შორის ლუქსემბურგის დახმარება ამ გზაზე, რათა ჩვენი ინსტიტუტები, კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროკავშირის ჩარჩოებს. გვჭირდება ყველა წევრი ქვეყნის ხმა. ჩვენ დღეს ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ, მათ გულთან ერთად, მათი ხმაც ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.