შალვა პაპუაშვილი - ლომჯარიას მიერ საზოგადოებრივი პლატფორმის დაფუძნება ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის მცდელობაა, რათა უცხოური დაფინანსება მიიღონ, ეს არის ჩვეულებრივი პარტია
შალვა პაპუაშვილი - ლომჯარიას მიერ საზოგადოებრივი პლატფორმის დაფუძნება ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის მცდელობაა, რათა უცხოური დაფინანსება მიიღონ, ეს არის ჩვეულებრივი პარტია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დაფუძნება, მისი მხრიდან ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის მცდელობაა.

მისივე თქმით, ნინო ლომჯარიას სახით საქართველოს ჰყავდა სახალხო დამცველი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ სამჯერ ამხილა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებაში.

„ყალბი „ენჯეოს“ შექმნის მცდელობაა. პირდაპირ ვხედავთ პროცესს, როგორ ხდება ყალბი „ენჯეოს“ შექმნა, თითქოს ეს არასამთავრობო და იდეალების გაერთიანების მოძრაობაა. ეს არის ჩვეულებრივი პარტია. ფორმაც შეარჩიეს, ვითომ არასამთავრობოა, რათა უცხოური დაფინანსება მიიღონ. მათივე აღიარებით ვნახეთ კიდეც, რომ დაფინანსებაა სოროსის ფონდიდან. შეგახსენებთ, სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ, როდესაც კონფერენცია იმართებოდა, განაცხადა რომ მისი სურვილი, მიზანია ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ, დღეს სოროსის ფონდი გვყავს, როგორც ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების შეცვლა სურს და ამისთვის სხვადასხვა ორგანიზაციას, მათ შორის ყოფილ სახალხო დამცველს აფინანსებს.

ალბათ იშვიათია შემთხვევა, რომ ყოფილი სახალხო დამცველი სამჯერ იქნა მხილებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებებით მანიპულირებაში. ერთი გახლდათ 2019 წლის ნოემბრის აქციები, ე.წ. საქმე – მაქარაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მისი პოზიცია იყო, რომ დემონსტრაციის დაშლა კანონის მიღმა მოხდა. სინამდვილეში, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ დაკავებები, მათ შორის მაქარაშვილის, დაკავება კანონიერი იყო  და სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებით მანიპულირებაში ამხილა;

მეორე იყო სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სადაც ყოფილი სახალხო დამცველის დასკვნით, მოპყრობა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქმნიდა ყველა წინაპირობას, რათა სასჯელის გადავადება მომხდარიყო. ამის საპასუხოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ პირობები, რომლებიც მისთვის არის შექმნილი, სათანადოა და გადავადების აუცილებლობა არ არსებობს;

მესამე იყო ნიკა მელიას საქმე. ხუთი დღის წინ ევროსასამართლომ განაცხადა, რომ მელიას დაპატიმრება იყო კანონიერი და არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ იკითხება. შეგახსენებთ ყოფილი სახალხო დამცველის მიერ 2021 წლის თებერვალში გაკეთებულ განცხადებებს, როდესაც მოხდა ნიკა მელიას დაპატიმრება. ის ამბობდა, რომ გაბოროტებული ხელისუფლების ქმედებები იყო. პირველად მოხდა, რომ ჩვენ გვყავდა სახალხო დამცველი, რომელიც სტრასბურგმა, რომელიც მისი მოკავშირე უნდა ყოფილიყო, სამჯერ ამხილა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებაში. ეს არის ყველაზე ღირსებამოკლებული საქციელი, რაც შეიძლება, სახალხო დამცველმა ჩაიდინოს, როცა კონსტიტუციურ პოზიციას და მაღალ თანამდებობას პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად იყენებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.