შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ალბერტ ფრიკს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ალბერტ ფრიკს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ალბერტ ფრიკს შეხვდა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქართული დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი ლიხტენშტაინის სამთავროში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაში.

პარლამენტების თავმჯდომარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს.

მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობა, პარტნიორობა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.