შალვა პაპუაშვილი - ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა თანადგომა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ყველანაირად გვერდში დაგვიდგებიან
შალვა პაპუაშვილი - ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა თანადგომა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ყველანაირად გვერდში დაგვიდგებიან

ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა მისი და ქვეყნის თანადგომა საქართველოს მიმართ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ არის ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ალბერტ ფრიკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ლიხტენშტაინს, როგორც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანას, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმატში და საქართველოს ყველანაირად გვერდში დაუდგებიან.

„ეს იყო განსაკუთრებული შეხვედრა, რადგან იყო პირველი შეხვედრა პარლამენტებს შორის. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდაზე, რაც ძალიან მისასალმებელია. ასევე, იმ თანამშრომლობაზე, რაც სხვადასხვა ფორმატში გვაქვს. ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა მისი და ქვეყნის თანადგომა საქართველოს მიმართ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ არის ევროკავშირის წევრი. ის არის ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის ნაწილი. მათ, როგორც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანას, მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმატში. მან დაადასტურა, რომ აპრილში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ფორმატში იმართება და სადაც ლიხტენშტაინი და ჩვენ სტუმრად ვართ მიწვეული, ამ საკითხებზეც ექნება საუბარი თავის კოლეგებთან ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამ მხრივ, ყველანაირად გვერდში დაგვიდგებიან. ამავე დროს, ლიხტენშტაინს გამოცდილება აქვს ევროპული კანონმდებლობის გადმოღების, 12 ათასი სხვადასხვა სამართლებრივი აქტი იყო იმპლემენტირებული აქაურ კანონმდებლობაში ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამოცდილება გაგვიზიარონ, როგორ მოახდინეს ევროპული დირექტივების თუ სამართლებრივი აქტების მიღება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.