შალვა პაპუაშვილი - კვლევები აძლიერებს ჩვენს სიმართლეს, მაგრამ, მეორე მხრივ, გვაჩვენებს იმ სიმართლესაც, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი საქართველოს დესტაბილიზაციისა
შალვა პაპუაშვილი - კვლევები აძლიერებს ჩვენს სიმართლეს, მაგრამ, მეორე მხრივ, გვაჩვენებს იმ სიმართლესაც, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი საქართველოს დესტაბილიზაციისა

„ატლანტიკური საბჭოს“ 2025 წლის ინდექსი არის იმის მიზეზი, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა იძულებული იქნება, სიმართლეს გაუსწოროს თვალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, კეთილდღეობის 2025 წლის ანგარიშით, საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

მისი თქმით, მსგავსი კვლევები აძლიერებს მმართველი პარტიის სიმართლეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ზოგიერთი დონორის და მათი „ენჯეოების“ ამოცანა არის, რიყეზე ისე გავიდეთ, ქვა ვერ დავინახოთ. როდესაც შემოდის ობიექტური საზომები, კრიტერიუმები და არა აღქმები, რომლის დანერგვაც უნდა ზოგიერთ  ელჩს, სიმართლე ჩანს ყველაზე კარგად. ბრიუსელის მხრიდან დღემდე მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმები. კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს და მისცეს მოლდოვას და უკრაინას, სამ თვეში თვითონ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და იმავე ანგარიშში ეწერა, რომ საქართველო იყო, იმ კვლევიდან გამომდინარე, ლიდერი მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით. ასე რომ, ასეთი კვლევები აძლიერებს ჩვენს სიმართლეს, მაგრამ, მეორე მხრივ, გვაჩვენებს სიმართლესაც, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი საქართველოს დესტაბილიზაციისა. მათი ინტერესი, ვინც ასეთ ბრალდებებს აყენებს, არის მხოლოდ დესტაბილიზაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.