შალვა პაპუაშვილი - კვლევები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ორჯერ და სამჯერ უსწრებს ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას, ერთად აღებულს
შალვა პაპუაშვილი - კვლევები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ორჯერ და სამჯერ უსწრებს ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას, ერთად აღებულს

ეს კვლევები რასაც აჩვენებს, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ორჯერ და სამჯერ უსწრებს ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას, ერთად აღებულს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა შეფასებას მისცემს NDI-ისა და IRI-ის ბოლო კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, წინა კვლევებთან შედარებით, შემცირებულია, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელი.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა და მისი მანდატი „ქართული ოცნების“ მიმართ არის ვალიდური და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღემდე, სწორედ ხალხის მანდატით მოქმედებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა მმართველი პარტიისთვის დამაფიქრებელი ის გარემოება, რომ კვლევიდან კვლევამდე იზრდება იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენას ელოდება, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სიახლეების მოლოდინი ყოველთვის არის და ამომრჩეველს სიახლეების მოლოდინი უფრო ოპოზიციის მიმართ აქვს, რადგან სამწუხაროდ, ოპოზიციაში ჩამოყალიბდა პარადიგმა, რომ დაიშლებიან და გაიშლებიან, მაგრამ ნებისმიერ კრიტიკულ მომენტში ისევ ერთად იკვრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო.

„სამწუხაროდ, ამ შეკრული წრიდან ვერა და ვერ გამოვიდა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი. ნებისმიერ კრიტიკულ მომენტში ისინი კვლავ უკან უბრუნდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღს და საბოლოო ჯამში, ამით მხოლოდ თავის თავს აზიანებენ. ყველა კვლევა ამას აჩვენებს, რომ სწორედ ამ ე.წ. პატარა პარტიების რეიტინგი არის თითქმის ნულთან მიახლოებული და მათი რეიტინგი ცდომილების ზღვარშია – 2%, რაც შეიძლება, ნულიც იყოს. მთავარი, ვინც ამ მთლიან პროცესში დაზიანდა, აღმოჩდნენ სწორედ ის პატარა პარტიები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს იმისთვის, რომ გააბევროს, თითქოსდა, ოპოზიცია რიცხობრივად არის ბევრი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს უშუალოდ თავის პერსონალურ რეიტინგს, რომელიც კვლევების მიხედვით ჩანს, რომ მის მიმართ დადებითად არის განწყობილი გამოკითხულთა 27%, უარყოფითად 39%, ხოლო 14%-ს პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ არ სმენია, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მაჩვენებელი მშვენიერია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს აჩვენებს პოტენციალს რეიტინგთან დაკავშირებით და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

„ამ კუთხით, სხვათა შორის, სხვებთან შედარებით, ჩემთან ყველაზე მეტი შესაძლებლობა არის, რომ ადამიანები დადებითად განეწყონ. ასე რომ, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. მე პოლიტიკაში ახალი ვარ, ერთ წელზე ცოტა მეტია, რაც პოლიტიკაში ვარ, სულ რამდენიმე თვეა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე გახლავართ და გასაგებია, რომ ამ კუთხით ჩემი ცნობადობა უფრო დაბალი იქნება ჩემ კოლეგებთან შედარებით. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის ბუნებრივი მოვლენა. პირიქით, ეს მახალისებს და მაძლევს ენერგიას იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ, ან დაახლოებით ალბათ, 25% ადამიანებისა, რომლებიც განწყობის კუთხით ჩამოყალიბებული არ არიან, პოზიტიური, თუ ნეგატიური განწყობაა, არიან ის ადამიანები, რომელთა კეთილგანწყობა მე შემიძლია, მოვიპოვო. ასე რომ, ამისთვის ვიშრომებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, რას აკეთებს ხელისუფლება პოლარიზაციის შესამცირებლად, რაზეც საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად საუბრობენ და, რაც იგივე კვლევების მიხედვით მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პოლარიზაციის შესამცირებლად საჭიროა ორი რამ – საქმეზე კონცენტრირება, რასაც მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს პარლამენტის მეშვეობით, რომ საქმით მოხდეს პარტიების დღის წესრიგის და იდეების წინ წამოწევა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია თავის თავს უკეტავს თანამშრომლობის ყველანაირ შესაძლებლობას.

„პოლარიზაციის შემცირება მოხდება ოპოზიციის მხრიდან რადიკალური დღის წესრიგის დავიწყებით და საქმეში ჩართვით. პოლარიზაციის შემცირების სხვა რეცეპტი არ არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი