შალვა პაპუაშვილი - კვალიფიციური უმრავლესობით გენერალური პროკურორის არჩევის წესი კარგი რომ იყოს, ევროპას ვერავინ დაასწრებდა
შალვა პაპუაშვილი - კვალიფიციური უმრავლესობით გენერალური პროკურორის არჩევის წესი კარგი რომ იყოს, ევროპას ვერავინ დაასწრებდა

გენერალური პროკურორის არჩევის ეს წესი კარგი რომ იყოს, ევროპას ვერავინ დაასწრებდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

პაპუაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო.

„ხშირად ხდება საკითხის შემოტანა, რომ კვალიფიციური უმრავლესობით მოხდეს ვიღაცის არჩევა თანამდებობაზე და ა.შ. კვალიფიციური უმრავლესობა, როგორც გარკვეული პანაცეა, პარლამენტის კონსენსუსზე ორიენტირებული, სინამდვილეში არის ტყუილი. ეს არის აბსოლუტური უტოპია, რაც ევროპული გამოცდილებითაც მტკიცდება. თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას შევხედავთ, ორად-ორი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტი რომელიღაც თანამდებობის პირს კვალიფიციური უმრავლესობით ირჩევს. ერთი, ეს არის ბელგიაში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ირჩევენ ასე და იქაც, ამას თავისი მიზეზი აქვს. იმიტომ, რომ არის კვოტირება სხვადასხვა ეროვნების და ა.შ. მეორე გახლავთ უნგრეთში, გენერალური პროკურორის არჩევის წესი, რომელიც გაკრიტიკებული აქვს თავად ვენეციის კომისიას, ვინაიდან ეს უმცირესობას აძლევს შესაძლებლობას, დაბლოკოს უმრავლესობის გადაწყვეტილება. ეს რომ კარგი წესი იყოს, რა თქმა უნდა, ევროპას ვერავინ დაასწრებდა, რომ ასეთი წესი ჰქონდეს. მით უმეტეს, ევროპა ზოგადად ორიენტირებულია კონსენსუსზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში, პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით მიიღწევა არა კონსენსუსი, არამედ ეს არის ინსტრუმენტი, რომ უმცირესობამ უმრავლესობა აიძულოს, მის გადაწყვეტილებას დაეთანხმოს.

„ფაქტობრივად, გარკვეული გაგებით, ეს არის ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტი, ისე, რომ პოლიტიკური ძალები ვერ იმარჯვებდნენ არჩევნებში, იღებდნენ ძალაუფლების ბერკეტებს. მათ შეუძლიათ, გარკვეულწილად აიძულონ უმრავლესობა, რომ დაეთანხმონ მათ კანდიდატებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დემოკრატია ასე არ მუშაობს.

„ეს არის მცდელობა, რომ დემოკრატიული პროცესის მიღმა რაღაც მექანიზმებით მოხდეს უმცირესობისთვის ძალაუფლების ბერკეტების მიცემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახლაც არის ჩიხური სიტუაცია, როცა კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესიდან გამომდინარე შეთანხმება რთულია, ხოლო როდესაც დადგება მომენტი, რომ კოალიციური მთავრობა იქნება პარლამენტის მეშვეობით, ანუ კოალიციის შექმნა იქნება საჭირო, ამ შემთხვევაში გაუგებარია, საით მივდივართ.

„შემდეგ უკვე, კოალიცია რომ იქნება, იმ კოალიციის წევრები რამდენად შეძლებენ სხვა პარტიასთან შეთანხმებას, ეს კიდევ მეორე საკითხი და პრობლემაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილება თავად ამბობს, რომ ეს სისტემა არ მუშაობს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხი 12 რეკომენდაციიდან არის, ხელისუფლებას ამის შესრულება უწევს.

„სხვათა შორის, თავის დროზე, ეს პუნქტი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და მე მაშინაც ვიკითხე, ვისი ინიციატივა იყო ეს საკითხი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე; მას შემდეგაც ვიკითხე, ოპოზიციონერ კოლეგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვისი ინიციატივა იყო გენერალური პროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით და პასუხი ვერ მივიღე. საერთო ჯამში, იმ 19 აპრილის შეთანხმებაში ეს კომპრომისი ვისთან იყო, ესეც არ ვიცი, ვინაიდან ქართულ პოლიტიკურ ძალებში და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებში მე პირადად, ვერავინ ვერ ვნახე, ვინც იტყოდა, ეს ჩვენი ინიციატივა იყო და ეს მოთხოვნა ჩვენ დავაყენეთ, რომ შეთანხმებაში ჩაწერილიყოო. ამიტომაც, არის მთელი ეს დისკუსია აბსურდული, რასაც დღეს პარლამენტში ვაკვირდებოდით, რომ სინამდვილეში, ამ პუნქტს მხარს არავინ არ უჭერს, მაგრამ ყველა ვასრულებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კვალიფიციური უმრავლესობის რეკომენდაციები ბოლო პერიოდში ჩნდება სხვადასხვა საექსპერტო წრეში და მისი აზრით, ეს არის ახალი დემოკრატიების გაწვრთნის მცდელობა, რომ ის გარკვეულ კორსეტში მოქცევით გამოწვრთნან, რათა კონსენსუსს მიაღწიონ და პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა ჰქონდეთ, მაგრამ ეს თეზა ძირშივე მცდარია, რადგან ასე არც კონსენსუსი მიიღწევა და არც პოლიტიკური თანამშრომლობის კულტურა მაღლდება.