შალვა პაპუაშვილი - კრისტიან ​დანიელსონის დოკუმენტი ჩვენთვის კვლავ მისაღებია, რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია, რადგან ეს მიდგომა ეწინააღმდეგება სიმართლეს
შალვა პაპუაშვილი - კრისტიან ​დანიელსონის დოკუმენტი ჩვენთვის კვლავ მისაღებია, რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია, რადგან ეს მიდგომა ეწინააღმდეგება სიმართლეს

ჩვენი პოზიცია ბოლო რაუნდის შემდეგაც გამოვხატეთ, როცა მედიატორმა დოკუმენტი წარმოადგინა, რომელსაც მიიჩნევდა, რომ შეთანხმების საფუძველი იქნებოდა. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვიყავით, დოკუმენტისთვის ხელი მოგვეწერა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, მმართველი გუნდის პოზიცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უცვლელია.

საუბარია „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებულ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც, „დეპარტამენტი იმედგაცრუებულია, რომ მხარეები საკუთარ სურვილებზე მაღლა ქართველი ხალხის ინტერესებს არ აყენებენ“.

„დოკუმენტში ჩვენი მხრიდან კომპრომისები იყო. ჩვენი პოზიცია უცვლელია, მზად ვართ, კომპრომისებისთვის. ვაცხადებთ, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი იყო კარგი, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც ამ დოკუმენტს და ევროკავშირის ძალისხმევას კოჭლს და ფარატინა ქაღალდს უწოდებენ. დანიელსონის დოკუმენტში შეთავაზება იყო, რომ 20 ივნისზე ამნისტია გამოცხადებულიყო, რომელზეც თანხმობას ვაცხადებდით. ამიტომ, ეს კონკრეტული დოკუმენტი იყო. ეს კომპრომისი ძალაში რჩება. დანიელსონის დოკუმენტი ჩვენთვის კვლავ მისაღებია. რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია არა იმიტომ, რომ ის არის რაღაც მიუღებელი ინსტრუმენტი, არამედ იმიტომ, რომ ეს მიდგომა ეწინააღმდეგება სიმართლეს. სიმართლე არის ის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობის ნება აისახა. ამის საწინააღმდეგო არც ერთი არგუმენტი არ არსებობს. ამიტომ, რიგგარეშე არჩევნების ამ მოტივით დანიშვნა იქნებოდა ტყუილი, სიმართლეზე გადაბიჯება და ამომრჩევლის უპატივცემულობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი