შალვა პაპუაშვილი – კონრად ადენაუერის ფონდი აცხადებს, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდა საქართველოში, ამ მისიას რომ ვერ ვახორციელებთ, გავდივართო, ცოტა გასაკვირია, მათ არანაირი მისია შესასრულებელი არ აქვთ
კონრად ადენაუერის ფონდი არის აფელირებული „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“, რომელიც არის EPP-ის წევრი და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი, ახლა აცხადებს ეს ფონდი, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდა საქართველოში, მგონი, უცხო ქვეყნის პარტიებს და მათ ფონდებს საქართველოში არანაირი პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, კონრად ადენაუერის ფონდის განცხადება იყო ცოტა გასაკვირი და უცნაური.
„საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს მიზეზი, რატომაც გადიან. ამბობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მისია და, ვინაიდან პოლიტიკური მისიის შესრულების შესაძლებლობა არა აქვთ, ამიტომ აღარ უღირთ ქვეყანაში ყოფნა. ცოტა გასაკვირია. როგორც იცით, პოლიტიკური ფონდები პარტიებთან აფელირებული არიან, კონრად ადენაუერის ფონდი გახლავთ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ აფელირებული ფონდი. ეს კავშირი არის EPP-ის წევრი და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიაა. ახლა აცხადებს ეს ფონდი, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდა საქართველოში. მგონი, უცხო ქვეყნის პარტიებს და მათ ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია არაფერი შესასრულებელი არა აქვთ. წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება, რაღაც ეჭვი მეპარება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში. ამიტომ ცოტა გაუგებარია.
მათ მიმართეს მთავრობას, ვინაიდან პოლიტიკური შინაარსის მისიის პროექტები ჰქონდათ, მთავრობისგან მიიღეს წინადადება, რომ მოეცილებინათ პოლიტიკური ხასიათის პროექტები და სხვა რაიმე აკადემიური ან სხვა ხასიათის პროექტების განხორციელება თუ სურდათ, ამის თანხმობას მიიღებდნენ. როგორც ჩანს, არანაირი ინტერესი აკადემიური, საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებების მიმართ არ აქვთ. მათსავე განცხადებით როგორც გამოჩნდა, ინტერესი ჰქონიათ პოლიტიკური მისიის განხორციელებაში და ამ პოლიტიკურ მისიას რომ ვერ ვახორციელებთ, ამიტომ გავდივართო. მათი გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა დაკარგა ნდობა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საქართველოში ჩართული იყვნენ სხვადასხვა დონორულ საქმიანობაში, მას შემდეგ, რაც ვიხილეთ, რომ უცხოური დაფინანსებები გამოიყენებოდა საქართველოში რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის წასახალისებლად.
„ეს დაადასტურა კიდევაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ. მან სრულად გაამხილა USAID-ის მავნე სქემები, რომლითაც საქართველოში ძალადობა და რადიკალიზმი ფინანსდებოდა. ამიტომ მივიღეთ ჩვენ კანონი „გრანტების შესახებ“, „გამჭვირვალობის შესახებ“ და ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ამ კანონს 2024 წლის არჩევნებზე, რომელიც რეფერენდუმად გამოაცხადეს. ქართველმა ხალხმა უთხრა ყველას, კონრად ადენაუერის ფონდსაც, სხვა ფონდებს და ორგანიზაციებსაც, თუ გინდა საქართველოში საქმიანობა, მით უმეტეს პოლიტიკური ელფერის მქონე რაღაც პროექტების განხორციელება, კეთილი ინებე და მკითხე მე, ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს წარმოადგენს მთავრობა და მთავრობას უნდა ჰკითხოს, რამდენად იყოს ეს დასაშვები. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საქართველოში ან ნებისმიერ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მიერ, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, პარტიული ხასიათის ორგანიზაციის საქმიანობა არის პრივილეგია და არა უფლება. ამ პრივილეგიით სარგებლობა თუ უნდა ვინმეს, უნდა დაემორჩილოს ქართველი ხალხის წესებს. ყველა დონორი ვალდებულია, ქართველ ხალხს შეუთანხმოს, უპირველეს ყოვლისა, თუ რაში ხარჯავს ფულს საქართველოში. ქართველმა ხალხმა დაკარგა ნდობა, ბრმად ენდოს დონორებს, რაც უნდათ, ის აფინანსონ. ქართველმა ხალხმა უთხრა დონორებს, გვკითხე, კარგ საქმეს თუ აკეთებ, მოგცემთ ამის უფლებას. გერმანული პარტიების პოლიტიკური მისიის განხორციელება საქართველოში ნამდვილად არ არის არანაირი უფლება, რომლითაც ვინმემ შეიძლება, პრეტენზიები წამოაყენოს. რა თქმა უნდა, მე გერმანული სხვადასხვა ფონდების საქმიანობას ვეცნობი. ეს ერთი ფონდი და მეორე ფონდია, მგონი, რომლები გადიან, სხვა ფონდებთან თანამშრომლობა გრძელდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა.