შალვა პაპუაშვილი - კოალიციური მთავრობა არჩევნების შედეგიდან გამომდინარეობს, ვინც ამბობს, რომ წინასწარვე სურს კოალიციური მთავრობა, წარმოდგენა არ აქვს დემოკრატიაზე
შალვა პაპუაშვილი - კოალიციური მთავრობა არჩევნების შედეგიდან გამომდინარეობს, ვინც ამბობს, რომ წინასწარვე სურს კოალიციური მთავრობა, წარმოდგენა არ აქვს დემოკრატიაზე

კოალიციური მთავრობა არჩევნების შედეგიდან გამომდინარეობს. ვინც ამბობს, რომ წინასწარვე სურს კოალიციური მთავრობა, წარმოდგენა არ აქვს დემოკრატიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ France 24-თან მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა: „2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, შესაძლოა, ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან. დემოკრატიული არჩევნები თუ გვექნება, საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ანტიდემოკრატიულია.

„უპირველეს ყოვლისა, ანტიდემოკრატიული განცხადებაა იმის თქმა, რომ მიზანი არის კოალიციური ხელისუფლების შედგენა. სხვათა შორის, 2020 წელსაც ასეთი სასაცილო ნარატივი ჰქონდა ოპოზიციას და ზოგიერთ უცხოელ აქტორს. არ არსებობს ქვეყანა, არ არსებობს სისტემა და არც დემოკრატია არ გულისხმობს ამას, რომ მიმართული იყოს კოალიციური ხელისუფლების შექმნისკენ. ნებისმიერ არჩევნებში ნებისმიერ პარტიას უნდა გამარჯვება და რაც შეიძლება მეტი მანდატის მოპოვება. კოალიციური მთავრობა არ არის აპრიორი მიზანი, არამედ მოცემულობაა, რომელიც არჩევნების შედეგიდან გამომდინარეობს ხოლმე. ამიტომ გარკვეული დეჟავიუა, რასაც 2020 წელს ზოგიერთი უცხოელი აქტორი ცდილობდა, მათ შორის ზოგიერთი მანიპულაციურ კვლევებზე დაყრდნობით, თითქოს ქართველი ხალხის სურვილია კოალიციური მთავრობა. არ არსებობს ასეთი სურვილი – კოალიციური მთავრობა. ადამიანს აქვს სურვილი, რომელიღაც პარტიას დაუჭიროს მხარი და ზუსტად ეს პარტია იყოს ძლიერად წარმოდგენილი. ნებისმიერი ამომრჩევლის სურვილია, პარტიას, რომელსაც მხარს უჭერს, ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა.

ამომრჩეველს არჩევნებზე იმიტომ აქვს ერთი ხმა და არა ორი, სამი, რომ ერთ პარტიას უჭერს მხარს. დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ არჩევნების შედეგები არის ღია და წინასწარ უცნობი. ხმების გადანაწილების მიხედვით, ან არის საჭიროება კოალიციური მთავრობის, ან არ არის. ვინც ამბობს, რომ წინასწარვე სურს, იყოს დადგენილი, აუცილებლად იყოს კოალიციური მთავრობა, ასეთ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს დემოკრატია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, – „ვისთან შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა განიხილოს კოალიცია?“ – პაპუაშვილმა განაცხადა:

„არ მგონია, ვინმეს ინტერესი ჰქონდეს მასთან კოალირების, მაგრამ ეს თემაც რომ განიხილება, აჩვენებს, რამდენად უდიერად ეპყრობა სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თანამდებობას, რომელიც, თავისი არსით, ზეპარტიულია და რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ინარჩუნებს. ამიტომ რთულია ამაზე მსჯელობა. დიდად არც არის ჩვენი ინტერესის საფუძველი. ჩვენ ვიცით, რომ ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც საქართველოს ინტერესებისთვის იღვწის, მეორე მხარეს არის კოლექტიურად ანტიქართული კოალიცია, რომელიც ებრძვის ყველაფერს, რაც საქართველოს პროგრესთან, ინტერესებთან არის დაკავშირებული. უკვე კენჭისყრით დადასტურებული ფაქტია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუნარჩუნა სალომე ზურაბიშვილს თანამდებობა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას ინარჩუნებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაა. შესაბამისად, ეს ერთობა უკვე გაფორმებულია. საქმე ისაა, რომ, საერთო ჯამში, ეს არაფერს მატებს იმ ფლანგს მაშინ, როდესაც ანტიქართული კოალიცია ხარ. არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს. „ნაციონალური მოძრაობის“ და სალომე ზურაბიშვილის ერთობა უკვე წარმოჩენილია, შესაბამისად, მათი განსახილველია, უნდათ თუ არა, ეს ფორმალურად აქციონ და სია ჰქონდეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.