შალვა პაპუაშვილი - კითხვის ნიშანს იწვევს სიგნალები, რასაც ვგრძნობთ ბრიუსელიდან, არის სურვილი, „რადიო თავისუფლება“, ამერიკული პროპაგანდისტული მედია ბრიუსელმა გადაიფორმოს, როგორც საკუთარი მედია
„რადიო თავისუფლება“ დაფუძნებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ, როგორც პროპაგანდისტული იარაღი. ამიტომაც ხდებოდა მისი გამოყენება პროპაგანდისტულ იარაღად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის შეწყვეტა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. ქართველი ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ, შეიძლება, დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კითხვის ნიშანს იწვევს, რომ არის სურვილი, ამერიკული პროპაგანდისტული მედია გადაიფორმოს ბრიუსელმა, როგორც საკუთარი მედია.
„ერთი საკითხია, რაც მე მაფიქრებს. როგორც ვნახე, ეს ინტერვიუ „რადიო თავისუფლებას“ მისცა გაფართოების კომისარმა. ეს რადიო თავად არის პროპაგანდისტული მედია. „რადიო თავისუფლება“ დაფუძნებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ, როგორც პროპაგანდისტული იარაღი. ეს ინფორმაცია ოფიციალურად საჯარო ინფორმაციაა. ამიტომაც მისი გამოყენება პროპაგანდისტულ იარაღად ხდებოდა.
ზუსტად ამიტომ არის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის შეწყვეტა. იცით, რომ გადახედვის პროცესშია ეს საკითხი. კითხვის ნიშანს იწვევს ის სიგნალები, რასაც ვგრძნობთ ბრიუსელიდან, რომ არის სურვილი, ამერიკული პროპაგანდისტული მედია გადაიფორმოს ბრიუსელმა, როგორც საკუთარი მედია. საუბარი იყო, რომ ეს პროპაგანდისტული მედია ახლა დაფინანსდეს ევროპიდან.
შეგახსენებთ, „რადიო თავისუფლებამ“ სულ ახლახან არა მხოლოდ პროპაგანდისტული, არამედ ფაშისტური ნარატივები გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ „მონა“ სიტყვის გამოყენებას აუბრალოებს და თითქოს ის რაღაც პოლიტიკური ტერმინოლოგიის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ამას საჯაროდაც გამოვეხმაურე, თუმცა ეს პროპაგანდისტული მედია დაემალა პასუხებს ამ საკითხთან დაკავშირებით. სამარცხვინოა, როდესაც ამერიკული მედია სიტყვა „მონას“ იყენებს პოლიტიკურ კონტექსტში. გასაკვირია გარკვეული მცდელობები, რომ ეს მედია გადაიბაროს ევროპამ. ასეთი დამოკიდებულება რომ აქვს ამ პროპაგანდისტულ მედიას, ესეც თავისთავად ბევრი რამის მთქმელია და აქედან გამომდინარე, ცოტა გასაკვირია, რომ არის გარკვეული სურვილები და მცდელობები, CIA-ს მიერ შექმნილი პროპაგანდისტული მედია ახლა გადაიბაროს ევროპამ და მისი დაფინანსება დაიწყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.