შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ პოლიციელს, რომელიც იცავდა ქვეყანას „მაიდნისგან“, ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფოს მიდგომაა, რომ კანონის უზენაესობა ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს.
„გამოძიება მიდიოდა, პროკურატურა საუბრობდა იმ სირთულეებზე, რომელიც ამ გამოძიებაში იყო. რა მომენტშიც პროკურატურამ ჩათვალა, რომ იყო მყარი საკუთარ მტკიცებულებებში, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ გამოვლენილიყვნენ ისინი, ვინც უფლებამოსილების გადამეტებით მოქმედებდნენ. ამავდროულად, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რასთან გვქონდა საქმე. ძირითადად ეს ეხება 2024 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტებს და, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რა გარემოება იყო. საქართველოში დაგეგმეს და დაიწყეს „მაიდანის“ განხორციელება. გახსოვთ, რომ საქართველოში ჩამოვიდა ევროკავშირის შვიდი წევრი ქვეყნის პარლამენტის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებისგანაც გვესმოდა პირდაპირ მოწოდებები ხელისუფლების წინააღმდეგ. შვედმა კომიტეტის თავმჯდომარემ პირდაპირ „მაიდნისკენ“ მოუწოდა აგრესიულ ოპოზიციას. ვნახეთ თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, მცდელობა პარლამენტის გადაწვისა, ძალადობა, პოლიციელებზე ძალადობა. იცით, რომ რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მიცემული, რადგან აზიანებდა ადამიანებს „მოლოტოვის კოქტეილით“, პოლიციელების ცოცხლად დაწვა უნდოდა. ამ პირობებში უწევდათ პოლიციელებს ჩვენი ქვეყნის დაცვა. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“, ძალადობისა და თავდასხმებისგან, რომელიც სრულად გარედან იყო ინსპირირებული, წაქეზებული და ორგანიზებული. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება. ითქვა კიდეც, რომ ცალკეული ინციდენტებს, რომლებიც მაშინ ვიხილეთ, სახელმწიფო სათანადოდ მიყვება, გამოიკვლევს და გამოავლენს. ასე მოხდა კიდევაც. სწორედ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა, რომ კანონის უზენაესობა უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ. შესაბამისად, ამისი შედეგებიც ნახეთ “, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
2024 წლის აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტებზე სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს თანამშრომელია დაკავებული.