შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა სინამდვილეში არის ფარსი, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ დაიბრუნონ ძალაუფლება
შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა სინამდვილეში არის ფარსი, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ დაიბრუნონ ძალაუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა სინამდვილეში ფარსია.

შალვა პაპუაშვილი უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების საპარლამენტო დელეგაციისგან განცალკევებით ჩასვლას გამოეხმაურა.

„საჯაროდ რასაც გვაჩვენებენ, ყველაფერი დაკავშირებული საქართველოსთან, უკრაინასთან, პატრიოტიზმთან, სამშობლოსთან, სიცოცხლესთან და სიკვდილთან, ამ ყველაფერზე მათი საჯარო დამოკიდებულება არის მხოლოდ ფარსი, სინამდვილეში, ეს არის ინსტრუმენტები, რათა მიაღწიონ თავიანთ მთავარ პოლიტიკურ მიზანს – დაიბრუნონ ძალაუფლება. ყველაფერი ამას ემსახურება. ყველა მიზეზი მათთვის კარგია. თუ დასჭირდებათ, ისაუბრებენ პატრიოტიზმზე, თუ დასჭირდებათ, ისაუბრენენ, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიოროა, თუ დასჭირდებათ, პირიქით იტყვიან, სწორედ ანტიამერიკული განცხადებები მოვისმინეთ. ეს ყველაფერი საერთო ჯამში არის ფარსი და იმიტაცია პატრიოტიზმის, ემპათიის, თითქოს ზრუნვის ადამიანის სიცოცხლეზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერ ასეთ თემას ისინი პოლიტიკურად იყენებენ ერთადერთი მიზნით, რომ დაიბრუნონ ის აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც მათ ჰქონდათ, რომელიც მათ ქართველმა ხალხმა ჩამოართვა და რომელიც მათ ასე სურთ, რომ დაიბრუნონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას უკრაინის ვიზიტზე ოპოზიციაში დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ისინი ერთმანეთში უნდა გაერკვიონ.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უკრაინაში ვიზიტის ჩაშლა სურდა.

„საერთო ჯამში, კარგია, რომ იყო მრავალპარტიული დელეგაცია პარლამენტის ვიზიტის ფარგლებში. ჩვენ ვნახეთ, ვინც ცდილობდა ვიზიტის ჩაშლას. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა საკმაოდ სამართლიანი შეთავაზება, თანაბრად ყოფილიყო წარმოდგენილი  უმრავლესობაც და ოპოზიციაც, იყო კატეგორიული პოზიცია, რომ ყველა უნდა ვიყოთ. როდესაც დავთანხმდი, ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთოდ უარი თქვა მონაწილეობაზე. გამახსენდა სწორედ ის დისკუსიები, რაც მანამდე იყო. სინამდვილეში, ეს იყო ყალბი მიზეზი. სინამდვილეში მათ სურდათ  ჩაშლა და ფიქრობდნენ, ამ ყალბი მიზეზით – ყველა ან არავინ, ჩვენ საბოლოო ჯამში ვიტყოდით უარს და ამით ჩაიშლებოდა მრავალპარტიული დელეგაცია. როდესაც ჩვენგან იყო თანხმობა, რომ ყველა წამოვიდეს, იმედგაცრუება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს და ისინი საერთოდ არ წამოვიდნენ. ახლა ჩვენ გვესმის სწორედ გაბრაზება იმაზე, რომ ვერ ჩაშალეს ეს ვიზიტი, ეს ერთი. მეორე, გაბრაზება იმაზე, რომ ნახეს, როგორი წარმატებული იყო იმ კუთხით, რომ მთელი დადებითი ემოციის ურთიერთგაცვლა მოხდა. ეს არის ჩვეულებრივი გაბრაზებული ადამიანის პოზიცია, რომელმაც ნახა, რომ ვერ ჩაშალა რაღაც კარგი. ახლა გაბრაზებულია ამაზე და ცდილობს, ეს ვიზიტი რამენაირად დააკნინოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.