შალვა პაპუაშვილი - ხვდებიან, რომ პერსპექტივა აღარ აქვს სტატუსის მინიჭების ჩაშლისკენ მიმართულ მცდელობებს და ახლა ყველა ცდილობს, რაიმენაირად ქართველი ხალხის გამარჯვების მონაწილე გახდეს
შალვა პაპუაშვილი - ხვდებიან, რომ პერსპექტივა აღარ აქვს სტატუსის მინიჭების ჩაშლისკენ მიმართულ მცდელობებს და ახლა ყველა ცდილობს, რაიმენაირად ქართველი ხალხის გამარჯვების მონაწილე გახდეს

ხვდებიან, რომ პერსპექტივა აღარ აქვს სტატუსის მინიჭების ჩაშლისკენ მიმართულ მცდელობებს და ახლა ყველა ცდილობს, რაიმენაირად ქართველი ხალხის გამარჯვების მონაწილე გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ევროკომისიისადმი მიმართვას, რომ, არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, ევროკავშირი პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის ემზადება.

„როგორც ვხედავ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ იყო მონაწილე ამ ხელმოწერებისა. ფაქტია, რამდენიმე ელიტური „ენჯეოს“ მიერ ორგანიზებული განცხადებაა და თავად ამ განცხადების ტონალობაშიც კიდევ ერთხელ იკვეთება, რამდენად არასწორად იქცევიან ეს ორგანიზაციები. ხვდებიან, რომ პერსპექტივა აღარ აქვს კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლისკენ მიმართულ მცდელობებს, პოზიტიური სიგნალები მოდის და ახლა ყველა ცდილობს, რაიმენაირად ქართველი ხალხის გამარჯვების მონაწილე გახდეს. წელიწადნახევრიანი საბოტაჟის და წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორც ჩანს, ევროკავშირი პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის ემზადება. ამით ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დამარცხდება ყველა ჯგუფი, პოლიტიკური იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ზოგიერთი ელიტური „ენჯეო“, რომელიც ამას ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, მათ შორის იმ ელიტურ „ენჯეოებში“, რომლებიც განცხადების ხელმოწერის მონაწილეები იყვნენ, ზუსტად ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებზე, სახალხო დამცველის კანდიდატისთვის მხარი არ დაეჭირათ და ამით შლიდნენ პროცესს; ასევე, ზეწოლას ახდენდნენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატურისთვის მხარი არ დაეჭირათ. ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა შეძლო როგორც სახალხო დამცველის, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა. მათი მხრიდან განცხადებები დაგვიანებულია.

გარდა ამისა, ვნახე, რომ ამ ხელმომწერებში, ინიციატორებში არიან ისინიც, რომლებიც ჩართული არიან საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებაში. ჩვენ ახლახან გავიგეთ საჯაროდ ინფორმაცია, რომ არსებობს ფონდი უცხოური ფულით, რომელიც ჯარიმებს უხდის კანონდამრღვევებს და სწორედ ამ ფონდის ინდულგენციის ბორდის წევრები არიან, მათ შორის, ამ განცხადების ინიციატორები. ვიცით, რომ ექსტრემიზმის წახალისებაა, რასაც ეს პროექტი ემსახურება, რადგან კარტ-ბლანშს აძლევენ მომავალი დარღვევებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.