შალვა პაპუაშვილი - ხშირად გვესმის სლოვენიური მხარის დადებითი განცხადებები საქართველოს პროგრესისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაზე, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებით ძვირფასია
შალვა პაპუაშვილი - ხშირად გვესმის სლოვენიური მხარის დადებითი განცხადებები საქართველოს პროგრესისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაზე, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებით ძვირფასია

ხშირად გვესმის სლოვენიური მხარის დადებითი განცხადებები საქართველოს პროგრესისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაზე, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებით ძვირფასია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სლოვენიის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) პრეზიდენტთან, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„მაქვს პატივი, საქართველოს პარლამენტში ვუმასპინძლო სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს. მიმდინარე წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში ჩვენ არაერთხელ გვქონდა შეხვედრისა და მოსაზრებების ურთიერთგაცვლის შესაძლებლობა. ამ დღეებში კი გვექნება საშუალება, ჩვენი მეგობრობისა და ორ სახელმწიფოს შორის კავშირების გათვალისწინებით, დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში საქართველო-სლოვენიის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება.

„მოხარული ვართ, რომ ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში წელს შედგა, რადგან წელს აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავს. მადლიერები ვართ სლოვენიის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით დღევანდელობაში, როდესაც საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები ამ საუკუნეში ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მოექცა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო აფასებს  სლოვენიის მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

„ხშირად გვესმის სლოვენიური მხარის დადებითი განცხადებები საქართველოს პროგრესისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერის თაობაზე. ასეთი თანადგომა საქართველოსთვის განსაკუთრებით ძვირფასია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროგრესი.

„ჩვენთვის საინტერესოა სლოვენიის ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მუშაობენ საქართველოსა და სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროები.

გაწევრიანების გზა რთული და გრძელვადიანი პროცესია. საქართველო ამ ფერხულში, უკვე დიდი ხანია, ჩართულია. 2022 წელს ევროპული პერსპექტივის მოპოვებით ევროკავშირმა ოფიციალურადაც აღიარა საქართველოს ადგილი ევროპის კონტინენტზე, ევროპული სახელმწიფოებისა და ერების ოჯახში. ამ გზის ბოლომდე წარმატებით გასავლელად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ისეთი მეგობრების გვერდში დგომა, როგორიც სლოვენიაა. ქალბატონ ზუპანჩიჩს მადლობას ვუხდი სლოვენიის მხრიდან გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოტენციალზე.

„გამოვხატეთ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. ხაზი გავუსვით მეგობრობის ჯგუფებსა და კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ბევრი სიახლე გვექნება ჩვენი ქვეყნებისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის. ვაფასებთ საქართველოსა და სლოვენიას შორის მზარდ მეგობრობას, რომლის შემდგომ გაძლიერებაზეც აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.