შალვა პაპუაშვილი ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს გორდან იანდროკოვიჩს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ხორვატიის ორმხრივ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა მეგობრობის ჯგუფებისა და სექტორული კომიტეტების გზით საპარლამენტო კავშირების გაძლიერების საჭიროებაზე.

„შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით. გორდან იანდროკოვიჩმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის კონტინენტზე არსებული გამოწვევები, მათ შორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია.

შეხვედრა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.