შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაისაჯონ ძალადობის ჩამდენი პირები, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც დაგმოს ძალადობა
ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ძალადობის დაგმობაა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაისაჯონ ძალადობის ჩამდენი პირები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც დაგმოს ძალადობა.
„ძალადობა ხელისუფლების მხრიდან არა მხოლოდ დაგმობის საგანი უნდა იყოს, არამედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობას ჩადიან. ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე დაგმობა. მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც, რომელსაც, მართალია, ბერკეტი არ აქვს, დასაჯოს მოძალადე, მაგრამ, მინიმუმ, უნდა დაგმოს ძალადობა. მთავარი პრობლემა არის, რომ ჩვენთან ხდება ძალადობის კულტივაცია სხვადასხვა მეთოდით, რომელიც, საბოლოო ჯამში, თავს იჩენს ხოლმე ჭარბ ემოციებში, შემდეგ ემოციები გადადის შეხლა-შემოხლაში და ძალადობაში. ძალადობა როცა იკვეთება, იქ უკვე ერევა კანონმდებლობა და ხდება შესაბამისი მოქმედებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე – „გამორიცხავთ მიშა მშვილდაძეზე ძალადობაში ხელისუფლების მონაწილეობას?“ – პაპუაშვილმა განაცხადა:
„გამოვრიცხავ ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გამორიცხავს, რომ სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა შეიძლება, ჩართული იყოს ადამიანის ჩაგვრაში. ეს ხდებოდა 2012 წლამდე. არა თუ ეჭვები, პირდაპირ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა დააორგანიზა ვალერი გელაშვილზე თავდასხმა, ცემა, სიკვდილამდე მიყვანა, ამისთვის მას მისჯილი აქვს და დღეს ზის ციხეში. ეს ვიცით, რომ 2012 წლამდე გვქონდა ასეთი სახელმწიფო, რომელიც ასეთ რაღაცებს აკეთებდა, იმიტომაც გადაირჩია ის ხელისუფლება, 10-ჯერ იმიტომაც მისცა მანდატი „ქართულ ოცნებას“. სულ ახლახან, სამი თვის წინ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“ შუალედურ არჩევნებზე, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მოაცილა ეს სისტემა საზოგადოებას და დღევანდელი სახელმწიფო არის ადამიანის ხელშეწყობის, დახმარებისა და დაცვის სახელმწიფო და არა ადამიანის ჩაგვრის სახელმწიფო. ის, ვინც შექმნა ადამიანის ჩაგვრის სახელმწიფო, დღეს არის ოპოზიციაში. ერთი არის ციხეში და ორი – უკრაინის ხელისუფლებაში, ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.