შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებას, რომელშიც პირდაპირ ჩანს, რომ ყალბ აღქმებს ეფუძნება, მაგალითად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით
შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებას, რომელშიც პირდაპირ ჩანს, რომ ყალბ აღქმებს ეფუძნება, მაგალითად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

ევროინტეგრაციის პროცესის წარმმართველი საქართველოს ხელისუფლება და მთავრობაა, ის საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართავს ამ პროცესს, ამავე დროს არის საკითხები, რომელზეც ხელისუფლებას გავლენა ვერ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ოპოზიცია ხელისუფლების შეცდომებით სარგებლობს, დადიან ბრიუსელში, თუმცა, მთავარი პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლებას ეკისრება“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებას გავლენა ვერ ექნება იმაზე, ევროკავშირსა თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია როგორ ქმნის განწყობებს ყალბი ინფორმაციით.

„პირდაპირ ვხედავთ განცხადებებს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, რომელშიც პირდაპირ ჩანს, რომ ყალბ აღქმებს ეფუძნება, მაგალითად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. როდესაც ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპატიმრო უნდა დატოვოს ანუ სასჯელი არ უნდა მოიხადოს, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი თვლის, რომ დანაშაული არ ჩაუდენია მიხეილ სააკაშვილს, რაც სამი ინსტანციით არის დადასტურებული. არ მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს ამ ორ დანაშაულთან დაკავშირებით, რომ ეს ჩადენილია. არა თუ სამი ინსტანციის სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ხელი დაადო სააკაშვილს, რომ ის ხელს აფარებდა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს. ეს ევროპელი პოლიტიკოსები ყალბ ინფორმაციებს ეყრდნობიან ან მიაჩნიათ, რომ ასეთი დანაშაული, ადამიანის მკვლელობის დაფარვა ჩვეულებრივი წვრილმანი დანაშაულია, რომლის გამოც მათი პარტიული მეგობარი არ უნდა დაისაჯოს. ჩვენი ხელისუფლების საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს ამ პროცესს, ამავე დროს არის ფაქტორები, რომლებზეც ობიექტურად გავლენის მოხდენა შეუძლებელია. ჩვენი მუშაობით უნდა შევძლოთ და გადავწინოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.