შალვა პაპუაშვილი ხაზარაძის კამპანიაზე - ეს არის შეფარული მუქარა, თითქოს პირდაპირ არ უნდა ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, ასეთი აღქმები უნდა შექმნას ასეთი ტიპის შავმა კამპანიამ
ეს არის შეფარული მუქარა, რომელიც თითქოს პირდაპირ არ უნდა ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი აღქმები უნდა შექმნას ასეთი ტიპის შავმა კამპანიამ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წამოწყებულ კამპანიას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძეს მუქარის კამპანია აქვს დაწყებული პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
„მამუკა ხაზარაძეს წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ყოველკვირეული პოსტებით რომ გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე, სულ ახლახან იყო ერთ-ერთი ბანერი, ვიზუალურადაც კი მუქარის შემცველია, როდესაც ბანერზე პირდაპირ იკვეთება მუქარა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, უკვე კომედიაა, როდესაც ორპროცენტიანი პარტია ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს.
„მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობით მილიონერი გახდა. ჩვენ ვსაუბრობთ ორპროცენტიან პარტიაზე, არ დაგვავიწყდეს. ერთადერთი, რასაც „ლელომ“ მიაღწია, 2020 წელს აიღო 3 პროცენტი, 2021 წელს აიღო ორი პროცენტი, ეს არის მათი მიღწევა, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩეველი. ასე რომ, ორპროცენტიანი პარტია რომ ზოგადად საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს უკვე თავისთავად კომედიაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.